ძაღლმა, რომელიც კაცმა მე-12 სართულიდან გადააგდო, გაიარა. ბუსას პატრონი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ძაღლის მდგომარეობა უმჯობესდება.
პატრონმა ბუსას თამაზ ელიზმარაშვილის თავშესაფარში გუშინ მიაკითხა და ბორჯომში საკუთარ სახლში წაიყვანა.
„მთელი ღამე მასთან ვიყავი, ერთი თვე უნდა მყავდეს ბორჯომში, რკინა აქვს ჩადგმული უკანა ფეხში, რომელსაც 12 მაისს ამოუღებენ.
ბატონმა თამაზიმ უდიდესი პატივი გვცა. ჩემი თბილისში ტაქსით წასვლა და უკან ბორჯომში დაბრუნება სრულად დააფინანსა. ერთი ტომარა საჭმელიც გამომატანა.
მომავალშიც გვერდში დგომას და ძაღლისთვის ოპერაციის დაფინანსებას დამპირდა“, – უყვება „პრაიმტაიმს“ ძაღლის პატრონი.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ 31 კაცს ბრალი უკვე წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან სხვისი ძაღლი გადააგდო.
შედეგად, ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა. 2020 წლის 10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.