რა სარგებელი მოაქვს კორონას? – ნახეთ პანდემიის პოზიტიური მხარე

0
კორონავირუსმა მთელს მსოფლიოში ადამიანების ყოველდღიურობა შეცვალა. პანდემიის ნეგატიური შედეგები მძიმე კვალს ტოვებს, როგორც ჯანდაცვის სექტორზე, ისე ეკონომიკაზე. მიუხედავად ამისა, პანდემიას პოზიტიური შედეგებიც აქვს. მაგალითად, თბილისი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მხრივ ევროპაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებდა, დღეს სუფთა ქალაქი გახდა. გარდა ამისა, რეგიონებში წინა წელთან შედარებით თითქმის 30%-ით გაიზარდა ხვნა-თესვის სამუშაოები. „30-40 %-ით გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი, როგორც დედაქალაქში, ისევე ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აზოტის ოჟანგის ნიშნული ჩამოვიდა უსაფრთხო მაჩვენებელზე და ამ პოზიციაზე ნარჩუნდება. „ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 70% ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის აზოტის ოჟანგი, ანუ წვის პროდუქტი, რომლის უმთავრესი წყარო ავტოტრანსპორტია. საავტომობილი ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ცალსახა კლება ყველა სადგურზე, როგორც დედაქალაქის მასშტაბით, ასევე ქვეყნის მსხვილ ქალაქებში, იგივე ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. ჩვენს პორტალზე ფერებით და ინდექსებით არის წარმოდგენილი ჰაერის ხარისხი. მას შემდეგ, რაც ჯანმომ პანდემია გამოაცხადა, შეიძლება ითქვას, რომ აზოტის ოჟანგის ნიშნული ჩამოვიდა ყველაზე დაბალ ფერზე, ანუ ყველაზე უსაფრთხო მაჩვენებელზე და ამ პოზიციაზე ნარჩუნდება. რაც შეეხება მეორე დამბინძურებელს, ეს გახლავთ მყარი ნაწილაკები, ანუ, ე.წ. მტვერი, რომლის ნორმის გადაჭარბება პერმანენტულად ფიქსირდება, თუმცა დადებითი შედეგი ამ კუთხითაც გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ 30-40 %-ით გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი, როგორც დედაქალაქში, ისევე ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში.“- განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა. ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი დაგვიდასტურეს, რომ ბოლო დროს სასოფლო სამეურნეო სამუშაოები ნამდვილად ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
0