სანამ ჩვენ ვრჩებით შინ, ისინი რჩებიან გარეთ

0
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უხილავ მტერს, კორონავირუსს ებრძვის, საზოგადოების ნაწილმა ბრძოლა არარსებულ მტერს - შინაურ ცხოველებს გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსით ცხოველის დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გახშირდა მიუსაფარი ცხოველების სასტიკად მოპყრობისა და შინაური ცხოველების მიტოვების ფაქტები. ადამიანთა გარკვეული ნაწილი პანიკამ მოიცვა, ისინი უარს ამბობენ ოთხფეხა მეგობრებზე, წყვეტენ მათზე ზრუნვას, ყრიან სახლიდან, აგდებენ ქუჩაში და ამით ისხნიან ყოველგვარ მზრუნველობით თუ სოციალურ პასუხიმსგებლობას. სპეციალისტებისა და ცხოველთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციით, საგრძნობლად გაიზარდა ძაღლებისა და კატების თავშესაფრებში ჩაბარების მსურველთა რიცხვიც - ადამიანთა ნაწილი მიზეზად კორონავირუსის გავრცელებით პროვოცირებულ შიშს ასახელებს, მეორე ნაწილი კი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ უსახსრობასა და შინაური ცხოველის შენახვის უუნარობას. ჩნდება კითხვა, რატომ შეიქნა მსგავსი აჟიოტაჟი, თუკი ცხოველების გზით დაინფიცირების საშიშროება არ არსებობს? უპირველეს ყოვლისა, ეს ყალბი, გადაუმოწმებელი და არასრული ინფორმაციის გავრცელდებას უკავშირდება. მსოფლიო გლობალური პანდემიის წინაშე დგას, ადამიანების ემოციური წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ამ ვითარებაში კი სიცრუისა და ცრურწმენების გავრცელებისთვის ერთგვარად სასათბურე პირობებიც იქმნება - შიშის დომინანტობის დროს ადამიანების დიდი ნაწილი კარგავს რაციონალური განსჯის უნარს, ყვება პანიკას და მარტივად იჯერებს ნებისმიერი სახის დეზინფორმაციას. ცხოველებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დამახინჯდა რეალობა, რამაც გავლენა მოახდინა ცალკეული ინდივიდების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია ჰონკ-კონგში ძაღლის, ბელგიაში კატისა და ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკის ვეფხვის დაინფიცირების შესახებ. საგულისხმოა, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული ფაქტი საბოლოოდ გამოკვლეული და დადასტურებული არ არის. არსებობს ჰიპოთეზები, მიმდინარეობს კვლევები, თუმცა დღემდე არ არსებობს არანაირი მეცნიერული დასკვნა იმის შესახებ, რომ ეს ცხოველები ნამდვილად დაავადდნენ კორონავირუსით. მიუხედავად ამისა, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა აღნიშნული შემთხვევები უკვე დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩინეს. საგულისხმოა, რომ შესაძლოა კორონავირუსი ძაღლის, კატის ან სხვა ცხოველის სხეულის ზედაპირზე აღმოჩნდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მათ მიერ ვირუსის მატერებლობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, კოვიდ 19 სხვადასხვა ზედაპირზე რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში ცოცხლობს, ამ მხრივ გამონაკლისი კი არც ცხოველები არიან. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ძაღლები ვირუსის გავრცელებისთვის იგივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც კარის სახელურები ან ჩვენივე მობილური ტელეფონები, თუკი არ დავიცვათ რეკომენდაციებს. რაც შეეხება ჰიგიენას, პანდემიის პირობებში პრობლემები წარმოიშვა ცხოველთა მოვლა-დეზინფექციის კუთხითაც. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცხოველებს ამუშავებს ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებებითა და ძლიერი ქიმიკატებით, რაც რეალურად აზიანებს მათ ბალანსა და კანს, საფრთხეს უქმნის ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. უფლებადამცველი ორგანიზაციები და ვეტერინარები მოგვიწოდებენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დეზინფექციის მიზნით არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რომლითაც თავად ვიცავთ თავს - უარი ვთქვათ სპირტის შემცველ სითხეებზე და გამოვიყენოთ ქლორჰექსიდინის 1%-იანი ხსნარი, რომელიც უსაფრთხოა და არ შეიცავს ცხოველის ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. საქართველოში მიუსაფარი ცხოველების ყოფა განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი - შეიზღუდა ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ამასთანავე დაიხურა საკვები ობიექტები და კაფე-რესტორნები, რამაც მიუსაფარი ცხოველები საკვების გარეშე დატოვა. გარდა ამისა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გაცილებით სწრაფად იცლება ნაგვის ბუნკერებიც, რომელთა მეშვეობითაც ძაღლები და კატები ნაწილობრივ მაინც ახერხებდნენ გამოკვებას. დამძიმდა ტრასებსა და გზებზე მყოფი ცხოველების ყოფაც, რომლებიც ძირითადად, გამვლელებისა და საკვები ობიექტების თანამშრომლების მიერ პურდებოდნენ. მიუხედავად შექმნილი კრიტიკული ვითარებისა, მაინც მოიძებნენ ადამიანები, რომლებთაც უყვართ ცხოველები და გული შესტკივათ მათზე. სწორედ პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებისთვის ფეისბუქში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სახელად - „მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“, რომლის მიზანსაც პანდემიის პერიოდში მიუსაფარი ცხოველების გამოკვება და მათ ფიზიკურ გადარჩანაზე ზრუნვა წარმოადგენს. გაიხსნა სპეციალური ანგარიშიც. შემოსული თანხით ჯგუფის აქტივისტები ცხოველებისთვის ყიდულობენ საკვებს, რომელსაც შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ანაწილებენ. ნებისმიერი პირი, რომელიც უვლის და პატრონობს შინაურ ბინადარს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ოთხფეხა მეგობრის ყოლა გულისხმობს მისთვის ყურადღების, მზრუნველობისა თუ სიყვარულის გაზიარებას და არა სასტიკ, არაჰუმანურ მოპყრობას. თუკი ვამბობთ, რომ „ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია“, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეგობრობა პირველ რიგში სწორედ პასუხისმგებლობას, ზრუნვასა და ერთმანეთის დაცვას, ჭირში ერთად ყოფნას გულისხმობს, მათ შორის ისეთ გლობალურ ჭირშიც კი, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა.
#ცხოველები
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0