თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ კლინიკაში 38 პაციენტიდან, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული, 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტების 60%-ს პნევმონია აქვს.
„პნევმონიები გარკვეულწილად სხვადასხვა სიმძიმისაა, არის მძიმე პნევმონიები და არის პრობლემურად კრიტიკულ სიტუაციებს მიახლოებული პნევმონიები და კრიტიკული მდგომარეობა. ჩვენ გვიწევს 38 დადასტურებული შემთხვევა, კრიტიკულ ზღვარს მიახლოებული ანუ ძალიან მძიმე პნევმონიით 3 გვყავს, ჯერჯერობით ერთთან მეტი პრობლემები გვაქვს. დანარჩენ ორთან სტაბილიზაცია თითქოს მიღებული გვაქვს და იმედია, რომ ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში არის მძიმე პნევმონიები, რომლებიც ჩვენ მკურნალობას და მართვას პასუხობენ და მათი მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება მალე, “- განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, დღეს დილით 5 პაციენტს ჩაუტარდა ვირუსზე ტესტირება, რომელთა პასუხებიც საღამოს იქნება.