6 votes
comments
shares
Save
? BBC: 5 ქვეყანა, რომელიც COVID-19-ისგან დაზარალებულ ეკონომიკას ყველაზე მალე აღადგენს
93 reads
გულშემატკივარი Gulshematkivari
Tbilisi · 3 months ago

?? დანია

BBC წერს, რომ COVID-19-ის კრიზისის დასაწყისშივე, დანიის მთავრობამ სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა. ხელისუფლებამ შემოიღო სოციალური დისტანცირება; 11 მარტიდან დახურა სკოლები და მეორეხარისხოვანი კერძო საწარმოები. 14 მარტს კი, დანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. ეს იმ პირობებში მოხდა, როდესაც დანიაში კორონავირუსის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო გამოვლენილი. "ასეთმა ზომებმა უკვე გამოიღო შედეგი და ეს დადასტურებულია. დანიაში ზოგიერთი შეზღუდვის მოხნას 15 აპრილიდან აპირებენ, თუმცა ეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული", - ნათქვამია სტატიაში.

?? სინგაპური

BBC-ის ცნობით, სინგაპურმა, ასევე, სწრაფად მიიღო შემზღუდავი ზომები, რის გამოც COVID-19-ის გავრცელების ამპლიტუდა, სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალია, თუმცა სინგაპურში არიან ისეთებიც, ვინც თვითიზოლაციის წესებს არღვევს - მათ პასპორტებს ართმევენ და მუშაობის უფლებებს უზღუდავენ.

BBC აღნიშნავს, რომ სინგაპური პატარა სახელმწიფოა და მისი კრიზისიდან გამოსვლა, ასევე, დამოკიდებული იქნება მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. "ბევრი კომპანია სინგაპურში მალევე მოერგო დისტანციური მუშაობის წესებს და პირობებს. მთავრობამ დანერგა მობილური ტელეფონების აპლიკაცია, რომელიც ვირუსით ინფიცირებულთა გადაადგილების კონტროლს ემსახურება. ამ აპლიკაციას უამრავი სინგაპურელი იყენებს", - აღნიშნავს გამოცემა.

?? აშშ

ვირუსის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება აღმოჩნდა აშშ-ის მეგაპოლისებში; მაგალითად, ნიუ-იორკში უმუშევრობის დონე რეკორდულ ნიშნულზეა, რაც იმის გამო მოხდა, რომ ბევრ შტატში თითქმის ყველაფერი დახურულია, თუმცა BBC წერს, რომ აშშ-მა სწრაფად მიიღო ეკონომიკის სტიმულირების ზომები; მათ შორის 2 ტრილიონ დოლარიანი ანტიკრიზისული პაკეტი. ქვეყანაში მოქმედებს სოციალური დისტანცირების წესები, რამაც გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო. საერთო ჯამში, ამ ზომებმა უნდა შეუწყოს ხელი პანდემიის შედეგების სწრაფად აღმოფხვრას და ეკონომიკის აღდგენას.

„გოლდმან საქსის“ და „მორგან სტენლის“ ექსპერტების პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკას ჯერ - მკვეთრი ვარდნა და შემდეგ, წლის მეორე ნახევარში, სწრაფი აღდგენა ელოდება. ოპტიმისტურად არიან განწყობილი „მაქქინზის“ ექსპერტებიც, თუმცა მათი პროგნოზი შედარებით თავშეკავებულია.

BBC აღნიშნავს, რომ აშშ-ის ეკონომიკის მდგომაროება, ყველა სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოს შიდა პროდუქტის მეოთხედს წარმოადგენს. ასე რომ, გლობალური ეკონომიკის აღდგენა დიდწილად აშშ-ზეა დამოკიდებული.

?? რუანდა

BBC-ის სტატიის თანახმად, ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუანდას პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება აქვს. რუანდის მთავრობამ 2019 წელს ებოლას გავრცელება აიცილა თავიდან. ეს იმ პირობებში მოხდა, როდესაც მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამ დაავადების ეპიდაფეთქება იყო.

ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა, სასაზღვრო პუნქტებზე მოქალაქეების ტემპერატურის მუდმივი კონტროლი, დრონების გამოყენება მედიკამენტების გადასატანად – ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუანდა მზადაა, კრიზისის დროს სტაბილურობა შეინარჩუნოს.

საჰარის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს შორის რუანდა პირველი აფრიკული სახელმწიფო იყო, რომელმაც სრული კარანტინი შემოიღო. ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვები სახლებში მიაქვთ. "მიუხედავად იმისა, რომ რუანდას ტურისტული სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, მოქალაქეებს იმედი აქვთ, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს სწრაფად დაუბრუნდება", - წერს BBC.

?? ახალი ზელანდია

BBC განმარტავს, რომ ამ ქვეყნის მთავრობამ, ასევე, სწრაფად მიიღო საგანგებო ზომები. 19 მარტს უცხოელებისთვის საზღვრები დახურეს. 25 მარტიდან კი, მეორეხარისხოვანი საწარმოების მუშაობა შეჩერდა.

მკაცრმა ზომებმა ახალ ზელანდიაში შედეგი უკვე გამოიღო. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, თუ მოქალაქეები წესების დაცვას შეძლებენ, ახალი ზელანდია ეპიდემიის აღმოფხვრას უახლოეს რამდენიმე კვირაში შეძლებს და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა, ექსპორტი და ტურიზმი ახალი ზელანდიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და, ამ მხრივ, სირთულეები კვლავ მოსალოდნელია.

სტატიის თანახმად, საერთო ჯამში, ახალ ზელანდიას ეკონომიკის სწრაფად აღდგენის საუკეთესო შანსი აქვს, რადგან სახელმწიფოს ვალი მცირეა და არსებობს ფულის მასის გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების შესაძლებლობაც.

? წყარო: BM.GE


გულშემატკივარი Gulshematkivari
Tbilisi · 3 months ago
6
Write a comment