დღეს, 14 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონოვირუსი დაუდგინდა 55 წლის ბოლნისელ კაცს. ამის შესახებ განაცხადა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა, ტატა შენგელაიამ. მისი თქმით , 13 აპრილს კორონავირუსზე ტესტირება 11 ადამიანს ჩაუტარდა.
„დღეს მოგვივიდა პასუხები, მხოლოდ ერთ ადამიანს, 55 წლის ბოლნისელ კაცს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის, თუ არ ვცდები, მარნეულის საკარანტინო ზონაში სასტუმრო „კავკაზში“ იმყოფებოდა. საკარანტინო ზონიდან კლინიკაში მხოლოდ მუცლის ტკივილებით შემოიყვანეს, მას ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია და ვინაიდან საკარანტინე ზონაში იყო კორონავირუსის ტესტირებისათვისაც ავუღეთ ანალიზი“ - განაცხადა ტატა შენგელაიამ
მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.
#კორონავირუსი
#ტესტირება
#ინფიცირებული