31 მარტი სერგო პაჭკორიას დაბადების დღეა!

1
31 მარტი საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის სერგო პაჭკორიას დაბადების დღეა! სერგო პაჭკორია სოხუმის თეატრის ისტორიას, მის შემოქმედებით ცხოვრებას, თავის კოლეგებთან ერთად თითქმის 60 წელი ქმნიდა. ► მან დიდი ოსტატობით აღბეჭდილი სახეები შექმნა ისეთ გახმაურებულ სპექტაკლებში, როგორებიცაა: უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ (ანტონიო); კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (ზვიად სპასალარი); გურამ ბათიაშვილის „1832 წელი“ (ნიკოლოზ ფალავანდიშვილი); ჰ. იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“ (ნიკოლასი); ნ. დუმბაძის „ერთი ცის ქვეშ“ (ხრისტო); დემნა შენგელაიას „ბათა ქექია“ (ბათა) და მრავალი სხვ. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში აისახა მსახიობის თანამედროვე ეპოქა თავისი ჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით. მან, როგორც სოხუმის თეატრის მთელმა დასმა, საკუთარ თავზე იწვნია აფხაზეთის თავზე დატეხილი უბედურება და დევნილის უმძიმესი ხვედრი გაიზიარა. სერგო პაჭკორია არამარტო გამორჩეული მსახიობი, არამედ გამორჩეული პიროვნება იყო, მისი თითოეული პერსონაჟიც გამოკვეთილი პიროვნული თვისებებით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს. თეატრმცოდნე ნათელა არველაძე წერდა: „სერგო პაჭკორიას ნიღბები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ბუნება, ისეთივე მრავალგვარია, როგორც ცხოვრება, ისეთივე მბორგავი, სევდიანი, დამაფიქრებულია, როგორც ადამიანი“.
1