ჩემთან მუშაობა ძნელია, მაგრამ საინტერესო - ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური ცხოვრების გზა

0
ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ირაკლი ოქრუაშვილი - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის; ადამიანს, რომელმაც თავისი რვაწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე აღიარა მის მიერ დაშვებული შეცდომა. თუმცა, მანამ, სანამ  ოქრუაშვილი სააკაშვილის , , შეცდომად” გადაკვალიფიცირდებოდა, იყო ხანგძლივი პოლიტიკური გზა, რომელიც ამ ორმა პერსონამ ერთად განვლო. ოქრუაშვილს პრეზიდენტის , , მარცხენა ხელსაც” კი უწოდებდნენ, ვინაიდან მარჯვენა ხელად ვანო მერაბიშვილი ინათლებოდა. , , მიხეილ სააკაშვილს ახალი , , რკინის კაცი” მუდმივად გადაჰყავს იქ, სადაც მოცემულ მომენტში ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ხორციელდება, ” - წერდა 2004 წელს ჟურნალისტი ია ანთაძე. მართლაც, , , ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო და წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო. გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი ოქრუაშვილის წარსულიდან. ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის ნოემბერში მომხდარ ვარდების რევოლუციაში, რის შემდეგაც, 2 დეკემბერს, დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად. მალევე გენერალური პროკურორის პოსტი დაიკავა. შემდგომ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში სამთავრობო კარუსელი დატრიალდა: ჯერ შს მინისტრად დაინიშნა, მალევე კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. ამ პერიოდში ვრცელდებოდა ხმები ოქრუაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე თავის თანაგუნდელებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. 2005 წელს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საბაბით შიდა ქართლის რეგიონის პოლიციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რაც ზოგიერთმა გამოცემამ ოქრუაშვილის გავლენის შესუსტებისაკენ მიმართულ კამპანიად ახსნა, თუმცა მთავრობის წევრებმა უარყვეს ეს მოსაზრება. მოგვიანებით, გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში, ირაკლი ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ ინტრიგებზე საუბრობდა. ამის შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი დაატოვებინა და და ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნა. სააკაშვილის სიტყვებით, ეს გადაადგილება „განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაზე შეტევაა“. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ და პოლიტოლოგმა კი ოქრუაშვილის გადაყენება მის მიერ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის ვადების თაობაზე კატეგორიულ განცხადებებს დაუკავშირა - , , თუ ჩვენ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ცხინვალში ვერ ვიზეიმებთ, მე აღარ ვიქნები საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ”. ასეა თუ ისე, საქართველომ ეს ვერ შეძლო, ოქრუაშვილი კი თავდაცვის მინისტრის პოსტს დაემშვიდობა. ფაქტია, რომ ოქრუაშვილი საკადრო ცვლილებებით კმაყოფილი არ დარჩენილა და მას გული სწყდებოდა სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე. ამაზე ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან მისი პირველი შეხვედრა და მიმართვაც მოწმობს - , , თანამშრომლებს მოგმართავთ, რომ მომეხმარეთ იმაში, რომ ჩემი ენერგიის კონცენტრირება მოვახდინო აქ იმიტომ, რომ ჩემი გული და სული რჩება ქართულ ჯარში... ჩემთან მუშაობა ძნელია, მაგრამ საინტერესო.” ამ განცხადებიდან ზუსტად ერთ კვირაში ოქრუაშვილმა მინისტრის თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა, კითხვები კი პასუხგაუცემელი დარჩა. თითქმის ერთი წლის შემდეგ იგი პოლიტიკაში დაბრუნდა და საკუთარი პარტია - , , მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” დააარსა, რომლის პრეზენტაციაზეც ხანგძლივი დუმილი დაარღვია და ყოფილ თანამოაზრესა და ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებშიც დასდო ბრალი - , , მე არაერთხელ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან დავალება ამა თუ იმ გავლენიანი და მნიშვნელოვანი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ”. ოქრუაშვილი მის ამ განცხადებებს შეეწირა - ზუსტად ორი დღის შემდეგ ახალდაფუძნებული პარტიის ოფისშივე დააკავეს. ოქრუაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. დაკავებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 2007 წლის ოქტომბერში გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ოქრუაშვილის დაკითხვის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი. ამ ჩვენებაში იგი უარყოფს მის მიერ გახმოვანებულ აბსოლუტურად ყველა ბრალდებას, მათ შორის პრეზიდენტის მიერ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შეკვეთას და აცხადებს, რომ ეს განცხადებები , , პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად” სჭირდებოდა. მაშინდელი გენპროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს დარჩა განცდა, რომ ეს აღიარება მოპოვებულ იქნა დიდი ზეწოლისა და დაშინების შედეგად. აღიარებითი ჩვენების შემდეგყოფილი მინისტრი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო გაურკვეველ ვითარებაში დატოვა და  პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში. საფრანგეთში ოქრუაშვილი 2012 წლამდე დარჩა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აცხადებდა, რომ მას აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს. 2012 წლის ნოემბერში ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მომდევნო წელს გაათავისუფლეს. გასული წლის ივნისში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა , , გამარჯვებული საქართველოს“ დააარსა, თუმცა, ისტორია გარკვეულწილად განმეორდა - პარტიის დაფუძნებიდან მალევე იგი კვლავ დააკავეს. საქმე 20-21 ივნისის მოვლენებს ეხებოდა. რამდენიმე დღის წინ მას საქალაქო სასამართლომ 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
#ირაკლიოქრუაშვილი
#პოლიტიკა
#tbilisidaily
0