დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: ხელისუფლება ჩვენგან ქრისტეს უარყოფას არ ითხოვს

0
ხელისუფლება ჩვენგან ქრისტეს უარყოფას არ ითხოვს. არამედ იგი მოსახლეობას, ჩვენ გვიფრთხილდება, - ამის შესახებ ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ მრევლისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, მორჩილება ზოგადად, ის სულია, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია. „ხელისუფლება ჩვენგან ქრისტეს უარყოფას არ ითხოვს. არამედ იგი მოსახლეობას, ჩვენ გვიფრთხილდება, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ. ვირუსულ დაავადებას, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელ მსოფლიოში და მადლობა ღმერთს, ჩვენთან ეს სახე ჯერ არ მიუღია, არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაქენი, ჩვენი სისხლი და ხორცი, მით უმეტეს ასაკოვანი ადამიანები. ამიტომ, ეს მორჩილება სწორედ ის მორჩილებაა, რომელსაც წმინდა წერილი კერძოდ, პავლე მოციქული გვავალდებულებს, ზოგადად, ის სული, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია. გარდა ამისა, ჩვენ ვითვალისწინებთ საპატრიარქო რეგულაციებსაც, რადგან ჩვენ ეკლესიის წიაღში ვმოქმედებთ და ეკლესიის გარეთ, მღვდელი აღარ არის მღვდელი. მერე ეს ადამიანი აღარ არის მრევლის წევრი და ეკლესიის წიაღში. რაც შეეხება აღდგომის საკითხს, ეს არის თემა, რომელსაც საპატრიარქო და ჩვენი ხელისუფლება არკვევს. ჩვენც ველოდებით მათგან პასუხს. ქრისტემ დაგლოცოთ, დაგვიფაროს უფალმა ამ გამსაცდელის ჟამს. მოგვცეს შინაგანი რესურსი იმისა, რომ ჩვენ გარეგანმა არაფერმა დაგვაშოროს „სიყვარულსა ქრისტესა“, - განაცხადა მამა თეოდორემ.
0