http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141410
აშშ-ის საელჩომ ძალიან ნათლად მიუთითა, თუ რა შეთანხმება იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის საელჩოს განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილისთვის გამოტანილი განაჩენის თაობაზე. ვაშაძის თქმით, ადრე თუ გვიან, ირაკლი ოქრუაშვილმა, გიორგი რურუამ და გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულებები უნდა დატოვონ, რაც კვირებისა და დღეების საკითხია და არა - წლების.
მისი შეფასებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება ნიშნავს, რომ ვერანაირი კორონავირუსის თემით სარგებლობა ვერ მისცემს ხელისუფლებას ინდულგენციას, თავი აარიდოს ნაკისრი ვლდებულების შესრულებას.
„ხელისუფლება ძალიან ამორალურად იქცევა, როცა კორონავირუსის თემას იყენებს და ტოვებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ამერიკის საელჩომ, სადაც ძალიან კონკრეტულად მიუთითა, თუ რა შეთანხმება იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ეს ნიშნავს, რომ ვერანაირი კორონავირუსის თემით სარგებლობა ვერ მისცემს ხელისუფლებას ინდულგენციას, რომ თავი აარიდოს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ამიტომ ადრე იქნება თუ გვიან, და ეს არის კვირებისა და დღეების და არა - წლების საკითხი, ირაკლი ოქრუაშვილმაც, გიორგი რურუამაც და გიგი უგულავამაც საპატიმრო დაწესებულებები უნდა დატოვონ. ხელისუფლებას ეს თაღლითობა არცერთ შემთხვევაში არ გაუვა. ძალიან მწვავე და მკაფიო განცხადება გააკეთა ამერიკის საელჩომ, სადაც მკაფიოდ მიუთითა შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ვალდებულებაზე. ეს განცხადებაც გამოწვეულია ჩვენი ძალიან მკვეთრი პოზიციიდან, " - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების უამრავი ბერკეტი არსებობს, მათ შორის შეწყალება და საქმის სააპელაციო წესით განხილვა.
„მთავარია, რომ ამ პოლიტიურ თაღლითობას შეეშვას „ქართული ოცნება" და საქმე გააკეთოს. არ ეგონოს, რომ როცა საერთაშორისო საზოგადოება, მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის, ამის გამო გაუვა თავხედობა და ვინმე მათ უკანონო ქმედებებზე თვალს დახუჭავს. ძალიან მკაცრი იქნება რეაგირებაც და ყველა მოითხოვს შეთანხმების შესრულებას. შეთანხმებას ჰყავს ორი მხარე ოპოზიცია და ხელისუფლება, ასევე ჰყავს მესამე მხარე, დიპლომატიური კორპუსი და რაც მთავარია, შეთანხმებას ჰყავს მთავარი მხარდამჭერი, ქართული საზოგადოება. შეთანხმების შეუსრულებლობის არც რესურსი აქვთ ხელისუფლებაში, არც გამბედაობა ეყოფათ და ვერც იზამენ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან რამხელა ნეგატივს და შეტევას მიიღებენ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამჯერად მათ თაღლითობას და გადაგდებას არავინ აპატიებს. სწორედ ამიტომ გაფორმდა დოკუმენტალურად შეთანხმება და არა ისე, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იყო თავის დროზე, " - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"