გაქცევა შოუშენკიდან ( ჩემი შეფასება) ჩემთვის ნომერ პირველი ფილმი

0
ფილმი „გაქცევა შოუშენკიდან“ ეხება ყველაფერ ცხოვრებისეულს. ფილმში აღწერილია ენდი დიუფრეინის ცხოვრება შოუშენკის ციხეში. აღნიშნული პირი ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაშია ბრალდებული. ციხეში მყოფი თითოეული პირის ვალდებულებას და მოვალეობას წარმოადგენს ციხის საკმაოდ მკაცრი წესების დამორჩილება და მათი შესრულება. საპყრობილეში აკრძალულია ღვთის გმობა, ბადრაგებს კი მხოლოდ და მხოლოდ ორი რამის სწამთ:ღმერთის და დისციპლინის. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მხოლოდ ღმერთის რწმენა გადაარჩენს სამყაროს. აი, რაც შეეხება დისციპლინას, მის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია წესრიგის დამყარება. ამგვარად, ციხეში გაბატონებული რწმენა ნამდვილად საგულისყურო და გასათვალისწინებელია. ციხეში ძალიან საშინელი ატმოსფეროა. იქ ვითომ არ გკლავენ, მაგრამ რეალურად სიცოცხლეს კი გართმევენ. თითოეული პატიმარი გრძნობს აუტანელ, ჯოჯოხეთურ სიცივეს. ახალმოსულები პირველ ღამეს ჭკუიდან იშლებიან. მაგრამ მთავარია პირველ დღეს გადარჩე, შემდგომ ყველაფერი გაცილებით მარტივია. დროის გასვლასთან ერთად, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეტიც, შემდგომ ამ ყველაფერთან განშორებაც კი უჭირს. მაგალითად, ასე დაემართა ბიბლიოთეკარ ბრუქსს. იგი იმდენად შეეჩვია საპყრობილეს, რომ მისთვის კომფორტის ზონას მხოლოდ ციხის ერთფეროვანი გარემო წარმოადგენდა. მან ვეღარ შეძლო, რომ გარეთ გასული, თავისუფლებას გამკლავებოდა, ვერ აუწყო ცხოვრების სწრაფ ტემპს ფეხი(ბრუქსის აზრით, მთელ სამყაროს სადღაც ჯანდაბაში მიეჩქარებოდა). თავისუფლება ხომ მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. მაგრამ საჭიროა, რომ ცხოვრებას ფეხი ავაყოლოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია იცხოვრო. მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ „პატარა უფლისწულის“ პერსონაჟ მეფარნესგან. ის მეხუთე პლანეტაზე ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა უსწრაფესად ტრიალებდა და დასვენება თითქმის არ უწევდა, იგი მაინც შემართებით ანთებდა და აქრობდა ფარანს. ცხოვრებას კი შეძლებისდაგვარად უწყობდა ფეხს. ბრუქსის მსგავსი გრძნობა დაეუფლა ციხიდან გამოსულ რედსაც. მას არაერთხელ უნატრია კვლავ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება. მან ხომ ორმოცი წელი დაჰყო ციხის კედლებში. გარეთ ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა. მას არაფერზე ნებართვის აღება არ სჭირდებოდა ციხისგან განსხვავებით, მაგრამ ესეც უცნაურობა იყო მისთვის. რედი ორმოცი წლის განმავლობაში თხოულობდა ნებართვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. უკვე გათავისუფლებული კი მარტო იმაზე ფიქრობდა, გამოსაცდელი ვადა როგორ დავარღვიოო. მისი აზრით საშინელებაა მუდამ შიშში ყოფნა. უნდოდა იქ დაბრუნება, სადაც არ ეშინოდა. მარტო ერთი აკავებდა-პირობა, რომელიც ენდის მისცა. ბრუქსის და რედისნაირი აღგზნებული მარტო თავისუფალი ადამინაია. ადამიანი, რომელმაც ხანგრძლივი მოგზაურობა დაიწყო და არ იცის რით დამთავრდება. დავუბრუნდეთ ენდის და მის ურთიერთობას რედთან. ენდიმ გამოჩენსითანავე დაიპყრო შემდგომში უკვე ყველაზე ახლო მეგობრის გული. რედი ხომ სწორედ მასზე ჩამოვიდა ფსონს. თავდაპირველი დანახვისას რედს ეგონა, რომ ენდის ნიავიც კი წააქცევდა. იგი ისე მისეირნობდა თითქოს უდარდელი კაცი პარკში სეირნობსო, თითქოს უჩინარ მოსასხამში იყო გახვეული. მაგრამ თანდათან ენდი საკმაოდ თავდაჯერებულ და მიზანდასახულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. დიუფრენმა დანარჩენი პატიმრების ყურადღება სახურავზე მუშაობისას მიიპყრო. მან ხომ ერთ-ერთ გავლენიან პიროვნებას ასწავლა როგორ უნდა შეენარჩუნება ძმის ანდერძის საფუძველზე მასზე გადაცემული ქონება. სანაცვლოდ კი მხოლოდ რამდენიმე ბოთლი ლუდი მოითხოვა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამხანაგებს მუშაობა გამარტივებოდათ. ენდის თავად წვეთიც არ დაულევია. ამ ფაქტმა დაკავებულებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მათთვის ეს ამბავი ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა. ზოგი ფიქრობდა, რომ მან ეს ასე იმიტომ გააკეთა, რომ პატიმრებში მეგობრები გაეჩინა, მაგრამ რეალურად იმიტომ, რომ თავი ცოტა ხნით მაინც ეგრძნო თავისუფალ ადამიანად. ენდი საკმაოდ დიდსულოვანი ადამიანი აღმოჩნდა. მან არამარტო თვითონ შეიგრძნო თავისუფლების გემო, არამედ სხვებსაც შეაგრძნობინა იგი. პატიმრები ცოტა ხნით თავს თავისუფალ ადამიანებად და მთელი სამყაროს მფლობელებად გრძნობდნენ. ეს კი ძალიან დიდ შვებას წარმოადგენს ნებისმიერი ციხეში მყოფი ადამიანისთვის. მათ ხომ თავისუფლება სწყურიათ. ფილმის ძალიან ემოციური ეპიზოდია ის, როდესაც ენდი საჯაროდ უკრავს მუსიკას. წამის მეასედით შოუშენკის ყველა ბინადარმა თავი თავისუფალ ადამიანად იგრძნო. ენდი ძალიან მზრუნველია, რადგან სხვების ბედნიერებისთვის მზადაა თავი გასწიროს. ციხე ადგილია, სადაც უამრავი დრო გაქვს და უამრავი საფიქრალი, საზრუნავი. კონცენტრირებას კი ახდენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დრო როგორმე მოკლა და რამეს გული გადააყოლო. დრო, რომელიც სამართებელივით გსერავს. მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა გაუძლო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხალხი განათლებაზე ფიქრს იწყებს ციხეში. მათ შორის ისინიც, ვისაც მასზე მანამდე არასდროს უფიქრია. ენდიმ არაერთ ადამიანს მიაღებინა განათლება და მისაცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა. „გაქცევა შოუშენკიდან“ ადასტურებს, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ ვიდრე ეს წარმოსადგენია. ენდი დიუფრენმა შეძლო ის, რაც ბევრს აუხდენელ და აუსრულებელ ოცნებად მიაჩნდა. მან შეძლო, რომ გაქცეულიყო ციხიდან, შოუშენკიდან, რომლიდანაც გაქცევა წარმოუდგენელი იყო და ალბათ ისტორიას მსგავსი პრეცენდენტიც არ ახსოვდა. ასეა, ადამიანმა თუ მიზანი დაისახა და მის შესასრულებლად ძალ-ღონეს არ იშურებს, მას აუცილებლად ყველაფერი გამოუვა.
#goodplaces
#opinion
#photo
0