კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 2 მილიონს მალე მიუახლოვდება

0
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 2 მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილთა რიცხვი კი უკვე 120 ათას გაცდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი. ვირუსის გავრცელების შეწყვეტა კი მხოლოდ ეფექტიან ვაქცინას შეუძლია. რეკორდულად იზრდება სტატისტიკა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში, COVID-19-ით უკრაინაში უკვე მესამე ღვთისმსახური დაიღუპა. 42 წლის ბერს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. კიევ-პეჩერის ლავრაში ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსით კიდევ ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა, დაინფიცირებულია 90 ადამიანი. შექმნილი მდგომარეობის გამო ლავრაში კარანტინია გამოცხადებული. უკრაინაში საერთო ჯამში ვირუსით ინფიცირებული რიცხვი 3 ათას გაცდა. დაინფიცირებულ სასულიერო პირთა რიცხვი იზრდება რუსეთშიც. მოსკოვში COVID-19-ით 18 ღვთისმსახური დაავადდა. ვირუსი 14 ეკლესიასა და მოსკოვის ორ მონასტერში დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პატრიარქმა მრევლს არაერთხელ მოუწოდა, ეკლესიებში მისვლისგან თავი შეეკავებინათ მღვდლების ნაწილი მსახურებას მაინც აღავლენს . ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კორონავირუსით რუსეთის ჯარშიც დაინფიცირდნენ. იზოლაციაშია 133 სამხედრო. ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 22 ათასამდე პირს დაუდგინდა. ეკლესიების გარდა ვირუსმა საპატიმროებშიც შეაღწია. თურქეთში დღემდე კორონავირუსი 17 პატიმარსა და ციხის 79 თანამშრომელს დაუდასტურდა. ქვეყნის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ციხეებიდან დაახლოებით 90 000 პატიმრის დროებით გათავისუფლებას ითვალისწინებს. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 61 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 1296 ადამიანი. მათ შორის ერთ ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ჰეიდარ ბაშია. ამ დრომდე კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილი და ინფიცირებული შეერთებულ შტატებს ჰყავს , დაღუპულთა შორის ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 13 თანამშრომელია. COVID-19 გაეროში მომუშავე 189 ადამიანს დაუდგინდა. შტატებში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 600 ათასს უახლოვდება, გარდაცვლილია 24 ათასამდე ადამიანი. ჩინეთში კი, სადაც ამ დრომდე ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია იყო შენარჩუნებული, მონაცემები შეიცვალა. ოფიციალური პეკინი ქვეყანაში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევებს რუსეთს უკავშირებს. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით ბოლო 243 შემთხვევა რუსეთის სასაზღვრო ქალაქში დაფიქსირდა, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ სასაზღვრო ქალაქში მედიკოსები გაგზავნა, სადაც სამედიცინო ცენტრები მოეწყობა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლი არ გამორიცხავს, რომ ჩინეთის ჩრდილოეთში ახალი ვუჰანი გაჩნდეს . კორონავირუსისგან ყველაზე დაზარალებული ორი ქვეყანა იტალია და ესპანეთი კარანტინის წესების შედარებით შემსუბუქებას გეგმავს. იტალიაში ეტაპობრივად იხსნება მაღაზიები, ესპანეთში კი ქარხნების ნაწილი უკვე ამუშავდა. დღეს შეზღუდევები ნაწილობრივ მოიხსნა ავსტრიაშიც. შეზღუდვების წესების მოხსნა ნაადრევად მიაჩნიათ გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კარანტინი 11 მაისამდე გადაავადა.
0