The New York Times: რუსეთი ათწლეულებია ვირუსული ეპიდემიებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

0
რუსეთის ხელისუფლება, სხვადასხვა ეპიდემიის გამომწვევი ვირუსების ხელოვნური წარმოშობის თაობაზე ყოველთვის ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რათა შემცირებულიყო ნდობა აშშ-ის ჯანდაცვის ორგანოების მიმართ. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში, რომელიც საკითხის ექსპერტებზე და სხვადასხვა სახის მასალებზე (მათ შორის რუსულზე) დაყრდნობით არის მომზადებული. საუბარია ე.წ. ღორის გრიპზე (H1N1), ებოლასა და კორონავირუსზე, რომელთა შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების ინიციატორად თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არის მოხსენიებული. სტატიაში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ „ცივი ომის“ პერიოდში, სსრკ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი (KGB) მოიხსენიებდა შიდსს (HIV/AIDS), როგორც ამერიკელი სამხედროების მიერ შექმნილ ინფექციას, რომელიც აფრიკის კონტინენტის მოსახლეობის გასანადგურებლად იყო მიმართული. 2009 წლის ივნისში, Russia Today-ის (ამჟამინდელი RT) ეთერში ამერიკელი ჟურნალისტი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილი თანამშრომელი, ვინმე უეინ მედსენი რამდენჯერმე გამოჩნდა. მედსენი ამტკიცებდა, რომ H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი) ვალტერ რიდის სახელობის საარმიო სამეცნიერო-კვლევითი ინსიტუტის საიდუმლო ლაბორატორიებში შეიქმნა. მას შემდეგ ზემოხსენებული პიროვნება RT-ის ხშირი სტუმარი გახდა. 2014 წელს ლიბერიულმა გამოცემა The Daily Observer-მა გამოაქვეყნა ამერიკელი პროფესორის სირილ ბროდერიკის სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ებოლას ვირუსი აშშ-ის ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენდა, აფრიკის კონტინენტზე ამ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო დომინირების მოსაპოვებლად. აღნიშნულის შესახებ სიუჟეტი რა თქმა უნდა რუსული RT-ის ეთერშიც მოხვდა, სადაც წამყვანმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები ასეულობით მილიონს ხარჯავს ამ ვირუსის მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად, მაგრამ ამით, მათ ნდობას მაინც ვერ მოიპოვებს“. The New York Times-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ვირუსული ეპიდემიის თაობაზე რუსული დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში, ტროლების აქტიური მონაწილეობით ხდება. მაგალითად, ებოლას ეპიდემიის დროს Twitter-ზე ხშირად იყო შეტყობინებები ინგლისურ ენაზე იმის თაობაზე, რომ ეს ვირუსი „ჩვეულებრივი ბიო-იარაღია და მთავრობის შექმნილია“. ვირუსების წარმოშობის გარდა, რუსეთის პროპაგანდისტული/დეზინფორმაციული მანქანა აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს დასავლეთში შექმნილი ვაქცინის უსაფრთხოების მიმართ, საზოგადოებრივი ნდობის არსებობას. ასე მაგალითად, რუსული ინტერნეტ-ტროლებისა და სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, „ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აუტიზმს“ იწვევდა. ექსპერტთა მოსაზრებით, კრემლის დეზინფორმაციის მიზანია პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის და დასავლური ქვეყნების საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თებერვლის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყალბი Facebook, Twitter და Instagram ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას კორონავირუსის თაობაზე. დეზინფორმაციის ძირითადი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ COVID-19 ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს, რომელიც ცენტრალურმა სადაზვერვო სამამრთველომ (CIA) ეკონომიკური ომის საწარმოებლად შექმნა. წყარო: The New York Times
#coronavirus
#disinformation
#russia
#headline
0