საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას პოლონეთში დღეს გამართავს
Tbilisi Daily
ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ქალაქ ტიხის სტადიონზე დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. საქართველო სომხეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრები შეხვედრის მასპინძელ ქვეყანაში მატჩამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისიდან ქალაქ კატოვიცეში ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა.
მატჩამდე 24 საათით ადრე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ტიხის ცენტრალურ სტადიონზე ერთი საათის განმავლობაში ივარჯიშა. პოლონეთში გუნდი 25 ფეხბურთელთან ერთად იმყოფება. გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრებს ტრავმის გამო გამოტოვებენ.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ასევე ეროვნული ნაკრების წევრებმა გიორგი აბურჯანიამ და ლევან შენგელიამ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.
„ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან.
წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.
სომხეთს მხითარიანის სახით დიდი ვარსკვლავი ჰყავს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენს მოწინააღმდეგეს ასევე საკმაოდ გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი ჰყავს“, - აღნიშნა ვაისმა.
მთავარი მსაჯი ხორვატი ივან ბებეკი იქნება.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნული გუნდი დაამარცხა. ერთადერთი გოლი, მატჩის დასაწყისში, თერთმეტმეტრიანი დარტყმით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
უეფას ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები იქნება.