აღდგომის ღამისთვის 2 000-კაციან შენობას ვამზადებთ – მამა შალვა კეკელია

0
მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ აღდგომის ღამისთვის 2 000-კაციან შენობას ამზადებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა. როგორც მამა შალვა კეკელია ამბობს, წირვისას დისტანცია დაცული იქნება. „თქვენ ხედავთ რომ დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ჩვენ პარალელურად შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2000 ადამიანი დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში“, - აცხადებს მამა შალვა კეკელია. ასევე, გავრცელდა ვიდეო ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრიდან, როგორ ემზადებიან აღდგომის ღამისთვის. ცნობისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა. საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა. აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ. განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.
0