ქუთაისმა , როგორც მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა, განვითარების დიდი გზა გაიარა. მისი მკვიდრნი კი ქუთაისის გზებს ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებებით მიჰყვებოდნენ. ამ ბლოგში სწორედ გადაადგილების საშუალებებზე მინდა გესაუბროთ, რაც ახალი თაობისთვის ალბათ, უცხო და გასაკვირი იქნება.
მაშ ასე, დავიწყოთ მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან.
ამ პერიოდში გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენი იყო და ქალაქშიც უამრავი ცხენი მოძრაობდა. ახლა კი ქუჩაში შემთხვევით თუ შეგვხვდა, გაკვირვებულნი და დაბნეულნი აქეთ-იქეთ ვიხედებით. ვაიდა, სადმე დროის მანქანას ხო არ წამოვკარი ფეხიო.
მოგვიანებით, ცხენები ურემმა ჩაანაცვლა და 40-იანი წლების მთავარ ტრანსპორტადაც იქცა. ამ უკანასკნელს ახლა ქალაქში ნამდვილად ვერ ნახავთ და თუ ასე მოხდა, თქვენს თავს უთუოდ რაღაც ხდება.
ურემი ეტლმა ჩაანაცვლა. გადმოცემის მიხედვით, ცნობილი მეეტლეები თევდორე და ჭუჭია კოსტავები ყოფილან, რომლებიც ბალანხვანში ცხოვრობდნენ. ასევე ისტორიას შემორჩა, იოსებ ჩიხლაძის, ისიდორე ეფრემიძისა და ივანე სულაძის (მეტსახელად "ჩობანას") სახელები. ამ უკანასკნელს არღანზე შესრულებული ჩობანას მოსმენა ჰყვარებია. ის თავისი ეტლით სოფელ მექვენასთან მდინარე რიონში გადაჩეხილა და უგზოუკვლოდ დაკარგულა.
ეტლის გაუმჯობესებულ ვერსიად ფაეტონი გვევლინება, რომელსაც ასე ძლიერ უფრთხობდნენ სოფლის მკვიდრნი. ხომ გახსოვთ, ეპიზოდი ფილმიდან "შერეკილები", ?
მათ არ ეცოდინებოდათ, რომ სულ მალე ფაეტონსაც კი მექანიკური ტრანსპორტი ჩაანაცვლებდა და ქუჩებს ჯერ ავტობუსები, შემდეგ ტროლეიბუსები დაიპყრობდნენ.
ტროლეიბუსის ქალაქში გამოჩენას ქუთაისლებმა სიმღერაც მიუძღვნეს: "ქუთაისის ტროლეიბუსი აშრიალებს არე–მარეს , ასტანოვკას იქ აკეთებს, სადაც ნახავს ბანტიანებს."
70-იანი წლების მიწურულს კი მაცხოვრებლებისთვის საყვარელ მსუქუბ ავტომობილად რუსული წარმოების "21" იქცა
#ტრანსპორტიქუთაისში
#ეტლი
#kutaisidaily