Magnavox Odyssey

0
Magnavox Odyssey — პირველი კომერციული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული კომპანია Magnavox-ის მიერ 1972 წელს აშშ-ში, ხოლო ევროპაში 1973-ში. კონსოლი შემუშავებული იქნა მცირე ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რალფ ბაერი. Odyssey არის თეთრი, შავი და ყავისფერი ყუთი, რომელიც უერთდება სტანდარტულ ტელევიზორს და თან ახლავს ორი მართკუთხა კონტროლერი. მას შეუძლია ეკრანზე გამოსახოს სამი კვადრატული წერტილი შავ-თეთრ რეჟიმში თანხლები ხმის გარეშე. მოთამაშეები ეკრანზე ათავსებენ პლასტიკურ გადასაკრავს ვიზუალური ეფექტების მისაღებად, სადაც ერთი ან ორი მოთამაშე აკონტროლებს თავიანთ წერტილებს კონტროლერზე არსებული სამი ღილაკის საშუალებით. კონსოლისთვის აგრეთვე შემუშავდა მსოფლიოში პირველი სინათლის პისტოლეტი, რომელიც იყიდებოდა ცალკე. კონსოლის შექმნის იდეა ბაერს 1966 წლის აგვისტოში მოუვიდა და სამი წლის განმვალობაში მან, ბილ ჰარისონთან და ბილ რაშტან ერთად შექმნა კონსოლის შვიდი წარმატებული პროტოტიპი. მეშვიდე პროტოტიპი, ცნობილი როგორც „Brown Box“, (ქართ. ნაცრისფერი ყუთი) ნაჩვენები იქნა რამდენიმე მწარმოებლისთვის, რის შემდეგაც 1971 წლის იანვარში კომპანია Magnavox დათანხმდა მის წარმოებას. კონსოლი გამოვიდა 1972 წლის სექტემბერში და წლის ბოლოს გაყიდვებმა 69, 000-დან 100, 000-მდე ასლს მიაღწია. მთლიანობაში გაიყიდა 350, 000 ასლი და 1975 წელს მისი წარმოება შეწყდა. 1978 წელს ამას მოჰყვა ახალი კონსოლის, Magnavox Odyssey²-ის გამოცემა. 28 შექმნილი თამაშიდან ერთ-ერთი, კერძოდ პინგ-პონგი-ს სიმულაცია, იქცა Atari-ის წარმატებული არკადული თამაშის, „Pong“-ის შთაგონების წყაროდ. Odyssey-ს გამოშვებამ განაპირობა ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კომერციულად ზრდა და საფუძველი ჩაუყარა პირველი თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ეპოქას.
0