NINTENDO

0
Nintendo Entertainment System (აბრევიტურა NES) — 8 ბიტიანი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა იაპონურმა კომპანია ნინტენდომ. იგი პოპულარული იყო 1980-იანი წლების მეორე ნახევარსა და 1990-იან წლებში. რუსეთსა და საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში ცნობილია Dendy-ის სახელწოდებით — Nintendo Entertainment System-ის არაოფიციალური კლონირებული ვერსია. კონსოლი პირველად გამოვიდა იაპონიაში 1983 წელს Famicom-ის სახელით, ხოლო 1985 წელს სახელშეცვლილი NES გამოიცა ევროპასა და აშშ-ში. კონსოლი აღმოჩნდა წარმატებული და შეძლო ამერიკის და იაპონიის მთლიანი ბაზრის დაპყრობა. იგი გამოიცა თამაშების ფართო პაკეტთან ერთად, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული გახდა „Super Mario Bros“. მარიო იქცა კორპორაცია ნინტენდოს თილისმად. იმ დროში NES ყველაზე მეტად გაყიდვადი კონსოლი გახდა. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 60 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი და 500 მილიონამდე ვიდეო თამაში. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა გამოვიდა ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კრიზისის მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ ბევრი კრიტიკოსი სწორედ მას მიაწერს სათამაშო ბაზრის აღორძინებას და მესამე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ეპოქის დაწყებას. ინდუსტრიის კრახის შემდეგ წარმატებული აპარატული მახასიათებლებისა და თამაშების მდიდარი ბიბლიოთეკის წყალობით, იმედგაცრუებულ მომხმარებლებსა და აგრეთვე დეველოპერ კომპანიებს ვიდეო თამაშებისადმი ინტერესი კვლავ გაუჩნდათ. 1990-იან წლებში NES-ის პოპულარობა დაეცა. მთავარი მიზეზი ბაზარზე ახალი თაობის 16 ბიტიანი კონსოლების გამოჩენა იყო, როგორებიც არის Sega Mega Drive და Super Nintendo Entertainment System. თუმცა, ამის მიუხედავად, NES-ის გამოშვება გაგრძელდა 2003 წლამდე. კონსოლის წარმოება ოფიციალურად შეწყდა 1995 წელს, მაგრამ კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა დღესაც ხელმისაწვდომი არის თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებზე სხვადასხვა ემულატორების წყალობით. NES-ის თამაშები, აგრეთვე ხელმისაწვდომია Nintendo Wii-ზე Virtual Consol-ის მშვეობით. 2009 წელს საიტ IGN-მა Nintendo Entertainment System-ს თავის სიაში „25 ყველა დროის საუკეთესო კონსოლი“ პირველი ადგილი მიუჩინა ხოლო „PC Magazine“-ის სიაში "10 საუკეთესო კონსოლი" NES-მა Sega Dreamcast-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 2016 წლის 14 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ნინტენდო მუშაობდა კონსოლის ხელახალი ვერსიის გამოცემაზე, რომელიც გამოვიდა 2016 წლის 11 ნოემბერს და თან ახლავს 30 ჩაშენებული თამაში და ერთი კონტროლერი.
0