პირბადეების შესაკერად, საქართველომ უზბეკეთისგან 274 ათასი დოლარის ღირებულების 2 მილიონი მეტრი მარლა შეიძინა.
ხვალიდან ეს პროდუქცია პირბადეების წარმოებაში ჩაეშვება.
„პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საკორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს სამედიცინო ქსოვილის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ეწარმოებინათ. უზბეკეთის რესპუბლიკა ცნობილია ტექსტილის წარმოებაში, მათ შორის, მარლის წარმოებაში. ჩვენი პირადი თუ პოლიტიკური ნაცნობობის მიღმა, გიორგი გახარიამაც მიმართა წერილით თავის უზბეკ კოლეგას. ხანგრძლივი აღმოჩნდა მოლაპარაკებები. საკმაოდ რთული, რადგან 5 მარტის განკარგულებით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აკრძალული აქვს ამდაგვარი ნედლეულისა და პროდუქტის გაყიდვა. აქაც საკმაოდ დიდი შემოტევაა კორონავირუსის. ჩვენი ძალისხმებით მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველომ ეს პროდუქცია საკმაოდ კარგ ფასად შეიძინა. დღეს ის უკვე 22:00, 23:00 საათისთვის საქართველოს საზღვარს, წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტს მოუახლოვდება და ხვალიდან ეს პროდუქტი წარმოებაში ჩაეშვება. უზბეკეთის რესპუბლიკას მარლის სახელმწიფო რეზერვები აქვს, სწორედ იქიდან მივაღწიეთ წარმატებას და იქიდან გამოვიტანეთ. 3 700 000 მეტრის მარლიდან 2 მილიონი ჩვენ წამოვიღეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი შრომა გავწიეთ. სახელმწიფოს შეკვეთა იყო 1 მილიონ მეტრზე, მაგრამ შემდეგ გავზარდეთ ეს შეკვეთა, " - განაცხადა ზურაბ აბდუშელიშვილმა.
#კორონავირუსი
#პირბადე
#მარლა
#tbilisidaily