სტელა მაკარტნის მუზები

0
ინგლისელი მოდის დიზაინერი სტელა მაკარტნი Beatles-ის ფრონტმენის - პოლ მაკარტნის ქალიშვილია. პოლ და ლინდა მაკარტნების ოჯახში გაზრდამ, სტელა ბავშვობიდანვე შეაჩვია სელებრითების, მედიის, ფოტოგრაფების და პაპარაცების გარემოცვაში ცხოვრებას.
სტელა დიზაინით 13 წლის ასაკში დაინტერესდა. განათლების მიღების შემდეგ, 26 წლის სტელა კარლ ლაგერფელდმა Chloé-ში აიყვანა. 2001 წელს სტელამ საკუთარი ბრენდი დააარსა. სტელა მაკარტნი არის დიზაინერი, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა ეკოლოგიასა და გარემოზე. არასდროს გამოუყენებია ცხოველის ტყავი და ბეწვი - ამის მაგივრად, დიზაინერი სპეციალურ ლაბორატორიაში მათ ალტერნატივას ქმნიდა და სწორედ მას იყენებდა სამოსში. შეიძლება ითქვას, რომ მაკარტნი ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში ლობირებდა ისეთ თემებს, როგორებიც ახლა მოდის სახლებისათვის და დიზაინერებისათვის ერთგვარ საიმიჯო პოზიციებად იქცა.
მიუხედავად პრინციპული მიდგომებისა, მაკარტნის ბრენდმა დროსთან ერთად დიდი ევოლუცია განიცადა. 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში, იცვლებოდნენ სტელა მაკარტნის მუზებიც.

პოლ და ლინდა მაკარტნები

სტელასათვის მშობლები დიდი შთაგონების წყარო აღმოჩნდა. დიზაინერის დედა, ფოტოგრაფი ლინდა ცხოველთა დამცველი იყო. როგორც დიზაინერი თავადვე ხშირად ამბობს მედიასთან, მშობლების სტილი დეტალების სახით ხშირად ცოცხლდება კოლექციებში. 2019 წელს კი, სტელა მაკარტნიმ Beatles-ით შთაგონებული კაფსულა კოლექციაც შექმნა.

ქეით მოსი

2000-იანების დასაწყისში ქეით მოსი მაკარტნის ერთ-ერთ რჩეულ მოდელად იქცა. 90-იანი წლების ე.წ. "heroin chic" გარეგნობის მოსმა კარგად შეძლო მაკარტნისეული ხედვის პოდიუმზე გაცოცხლება.

ნაომი ქემბელი

ცნობილ ოჯახში გაზრდას თავისი უპირატესობები ჰქონდა - მაგალითად, მეგობრობა ნაომისთან. 1995 წელს, როცა სტელამ Central Saint Martins-ში სწავლისას კოლექცია წარადგინა, ჩვენებაზე ნაომი გამოვიდა. ნაომისთან ერთად, სტელას დიზაინით შექმნილი სამოსი ქეით მოსმაც წარადგინა.

ლივ ტაილერი

მაკარტნის კიდევ ერთი მუზა მისი უახლოესი მეგობარი ლივ ტაილერია. ტაილერის სტილი ყოველთვის იყო შეხამება ფემინური და ყოველდღიური სამოსისა.

გვინეტ პელტროუ

მაკარტნის მეგობარია გვინეტ პელტროუც. 2013 წელს დიზაინერისა და მსახიობის მეგობრობა ახალ ეტაპზე გადავიდა, როცა მათ კოლაბორაციულ კაფსულა კოლექციაზე იმუშავეს.

კამერონ დიაზი

კამერონ დიაზისათვის დიზაინერმა არაერთხელ შექმნა გამოსასვლელი კოსტიუმი - მათ შორის იყო ლურჯი კაბა 2013 წლის მეტ გალას საღამოსთვის.

ნაომი უოტსი

დიზაინერის კიდევ ერთი მეგობარი ნაომი უოტსი თითქმის ყველა ოფიციალურ მიღებასა და წითელ ხალიჩაზე სტელა მაკარტნის სამოსით ჩნდება. უოტსის ყოველდღიური სტილიც საკმაოდ ახლოს არის სტელას, როგორც დიზაინერის ესთეტიკასთან - ეს არის მასკულინური სამოსი ფემინური დეტალებით.

ქეით ჰადსონი

ქეით ჰადსონის და სტელას ურთიერთობა დიზაინერის დიდი წარუმატებლობით დაიწყო. 2001 წელს, კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, ქეით ჰადსონს სტელა მაკარტნის სამოსი ეცვა და მან ყველაზე ცუდად ჩაცმული ვარსკვლავის სტატუსი დაიმსახურა.

მადონა

პოპ-ვარსკვლავი მადონა მაკარტნის, როგორც დიზაინერის დიდი გულშემატკივარია. სტელამ მუსიკოსისათვის არაერთხელ შექმნა სხვადასხვა ცერემონიისათვის განკუთვნილი სამოსი.

კარა დელევინი

ანდროგენული გარეგნობა და სახასიათო სტილი ალბათ ერთ-ერთი ის ფაქტორია, რითიც დელევინმა მაკარტნი ასე მოხიბლა. დელევინი ხშირად ერთვება მაკარტნის კამპანიების წარდგენაზე, ასევე მის ჩვენებებზე.

რიანა

მიუხედავად იმისა, რომ რიანას სტილი შესაძლოა შორს არის მაკარტნის მინიმალიზმისგან, დიზაინერსა და მუსიკოსს შორის მეგობრობა თანამშრომლობად გადაიზარდა. მაკარტნიმ რიანასთვის არაერთი კოსტიუმი შექმნა, მათ შორის ეს ორეული 2014 წლის მეტ გალასთვის.

ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტი სტელა მაკარტნისათვის კიდევ ერთი სელებრითი მეგობარია, რომელთანაც კოლაბორაცია აკავშირებს. მაკარტნიმ და ტეილორმა 2019 წლის ალბომის - LOVER-ის კამპანიის ფარგლებში, კაფსულა კოლექცია შექმნეს. ფერადი სამოსი სვიფტმა არაერთხელ მოირგო სხვადასხვა მუსიკალურ შოუზე.
0