მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილება სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით

0
მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „COVIID19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის. აქამდე ჩვენ მოვახერხეთ ვირუსის გავრცელების შენელება. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელების, მებაჟეების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის ერთობლივი დამსახურება, ვინც ამ უხილავ მტერთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. საქართველოში უკვე მატულობს შიდა გავრცელების შემთხვევები, მნიშვნელოვნად ფართოვდება კლასტერები და უფრო მეტად იზრდება შესაძლო შემთხვევების რაოდენობა. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს, მოქმედებს „კომენდანტის საათი“ და სულ უფრო მკაცრდება შეზღუდვები. დღეს, თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისგებლობა გვაკისრია, პირველ რიგში, ერთამნეთის წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშე. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა დავიცვათ კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქლაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვისაა დაწესებული. როგორც გუშინაც განვაცხადეთ, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვას კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები, დაცული იქნას სოციალური დისტანცირება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით. ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნებიან პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ „კომენდანტის საათით“ გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანცირების განუხრელ დაცვას. დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც დაწესებული ე.წ კომენდანტის საათის დროს საღამოს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმის დარღვევა კი ფიზიკური პირებისთვის ითვალისწინებს 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
#კორონავირუსი
#აღდგომა
#კომნენდანტისსაათი
#tbilisidaily
0