ავღანეთის სამხედრო ძალები „თალიბანის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაახლებს
Tbilisi Daily
ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო ძალები „თალიბანის“ და სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციებს განაახლებენ.
France 24-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ 2 ტერაქტის შემდეგ მიიღო, რომელთა შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა.
„თავდაცვის ძალებს ბრძანება გავეცი დაასრულონ აქტიური თავდაცვის რეჟიმი, გადავიდნენ შეტევაზე და ჩვენი მტრის წინააღმდეგ ოპერაციები განაახლონ. დღეს „თალიბანის“ და „დაეშის“ მიერ ქაბულში საავადმყოფოზე და ნანგარარში დაკრძალვის პროცესიაზე განხორციელებული თავდასხმები ვნახეთ“, - განაცხადა ღანიმ.
ბოლო მონაცემებით, ქაბულში, საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის 2 ახალშობილი დაიღუპა. დაკრძალვაზე ტერაქტს კი 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ქაბულმა, კეთილი ნების გამოჩენის მიზნით შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ბრძოლის თავდაცვით რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
#news#ავღანეთი#თალიბანი#სამხედრო ოპერაცია#TbilisiDaily#DailyNews#