ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს - თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, დავრჩეთ სახლში!

0
დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან გამეორდება იტალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძის თქმით, დისტანცირება საჭიროა ოჯახშიც, არათუ გარეთ და თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ „ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ.“ „ნუ გავაკეთებთ ისე, რომ, რაც იყო დღემდე და მაქსიმალურად გავაჩერეთ ვირუსის გავრცელება წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი. ეს არ ეხება მხოლოდ ეკლესიას, ოჯახებშიც ვრცელდება ვირუსი. მთელმა საქართველომ სტატისტიკა ზეპირად იცის, თითო ოჯახში 5-6 ავადმყოფია. გავიგოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც არის საჭირო, არათუ გარეთ. თუ ეს ყველამ არ გავითავისეთ, ცოტა ხანში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად და მოერიდეთ თუ ვინმე ოჯახიდან უნდა გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე, იყოს იზოლირებული ოჯახის სხვა წევრებისაგან. ასე ვრცელდება ეს ვერაგი დაავადება. გაიგეთ ხალხო, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი. ეს ყველამ უნდა გავიგოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „მოამბეში“ . მისივე თქმით, დღეში 30 პირის დაინფიცირება, რაც გუშინ დაფიქსირდა, სწორედ იმის გამო მოხდა, რომ "სახლში არ ვრჩებით". "თუ საჭირო გახდა, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. ვნახოთ, როგორ გაიგებს ჩვენი მოსახლეობა მოწოდებას. დღეს ვუყურებდი მანქანები როგორ დადიოდა ქალაქში. მესმის, რომ აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, მაგრამ თუ ჩვენ ოჯახებში შევიკრიბებით, მოვაწყობთ სუფრას 5-6 კაციანს, შეიძლება, ხუთივე, ექვსივე ჩაწვეს. კარგად გამიგეთ, მოერიდეთ ამ ყველაფერს. მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს, ერთხელ ვთქვათ უარი იმისთვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, იგივე ეკლესია გადარჩეს - ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია! ჩვენ ჩვენს საქმეს კიდევ გავაკეთებთ. თითოეულ შემთხვევას მივდევთ და იმიტომ ვაჩერებთ ასე და თქვენგან მეტი არაფერი გვინდა - დარჩით სახლში!", - განაცხადა იმნაძემ. რაც შეეხება სწრაფი ტესტების შესახებ შეკითხვას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ 300 შემთხვევა ფიქსირდება, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ტესტი ასეულობით ადამიანს ჩაუტარდა. "ნახეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში და ჩვენ სადამდე მოვიყვანეთ ქვეყანა ზუსტად ტესტირებებით და ვართ მშვიდად - 300 შემთხვევაა ქვეყანაში და 5 500 ადამიანია ტესტირებული. აბა ვის ვტესტავთ? მიზნობრივი ტესტირება მიდის, ესაა მთავარი და არა ის, რომ დადგე და ადამიანური რესურსიც და ტესტებიც დახარჯო და ყველას ჩაუტარო - იტესტება ის, ვინც საჭიროა, რომ გაიტესტოს. ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ადამიანების საქმეა, დარჩნენ სახლში. ესაა მათი მოვალეობა და ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ვიცით, ვინ გავტესტოთ", - აღნიშნა იმნაძემ. მისივე შეფასებით, დღემდე დინამიკა იყო ისეთი, რომ მიგვეღო ნაკლები ადამიანის დანაკარგი, თუმცა სახლში დარჩენის რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, "მოგველის ის, რაც იყო იტალიაში". „ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს - ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში. ქვეყანაში არის ფართო შიდაგადაცემა დაწყებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე 1 დღით ადრე ანუ, შეიძლება, იმ დღეს საერთოდ არაფერი ჰქონდეთ. როცა მცირედ გამოხატული სიმპტომები აქვთ, უკვე გადამდები არიან და ასეთები დღეს ჩვენს გარშემო არიან, თუმცა არ ვიცით, ვინ არიან. ამიტომ ვამბობთ, რომ შიდა გადაცემა დაიწყო. გავიგოთ ეს! ჩვენს გარშემო არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და გაგხდიან ყველას ავად. ისინი მივლენ ეკლესიაში და გაგხდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს!”, - განაცხადა იმნაძემ. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, იმნაძის თქმით, „თუ ხალხს არ ესმის, როგორ მოიქცეს, იძულებული ხდებიან, ეს ურჩიონ ხელისუფლებას“. “თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, სახლში დარჩით. მეტი გამოსავალი არ არის, თუ გვინდა, რომ ერი გადარჩეს. თუ გვინდა, რომ ეკლესია გადარჩეს - ეკლესიაში ნუ წახვალთ!“ - განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.
0