აჭარაში, 100 გიდს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები და ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადაეცა
Tbilisi Daily
აჭარაში, 100 გიდს კორონავირუსისგან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადაეცა.
გიდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დღეს გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამართა, სადაც უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებს გიდების მხარდაჭერის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, უკონტაქტო თერმომეტრი, სადეზინფექციო სითხე, პირბადეები და ფარი, რომელიც გიდებს გადაეცათ კოვიდის პირობებში ტურების უსაფრთოდ ჩატარებას, ტურის ხარჯების შემცირებასა და ღია სივრცეში ტურებისას დისტანციის დაცვის საშუალებას უზრუნველყოფს.
გიდების მხარდაჭერის პროექტის ამ ნაწილს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, UNDP-ის ეკონომიკური პროგრამის ხელმძღვანელი, აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში გიდების მხარდასაჭერად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდა რეგიონში მოქმედ გიდებთან, რომლებიც მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე აქტიურად საუბრობდნენ. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ გიდებს ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად ესაჭიროებათ აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა და ტრენინგები.
ისინი ასევე, საუბრობდნენ ფინანსურ დანაკარგსა და დროებითი დასაქმების აუცილებლობაზე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ყველა ეს საკითხი დაამუშავა, მიმართა დონორ ორგანიზებს და აამოქმედა გიდების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპოპრივად განხორციელდება სხვადასხვა პროექტი.
პროგრამის პირველ ეტაპზე გიდებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგი კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე, რაც მათ უსაფრთხოდ ტურების ჩატარებაში დაეხმარება. შემდგომ ეტაპზე, ისინი უკვე დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინფოტურებში, ასევე ქობელეთისა და ბათუმის თემატური ტურების სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში ჩაერთვებიან. მუშავდება მათი დროებითი დასაქმების პროგრამაც.