კორონავირუსი და 5G ტექნოლოგია: ბრიტანეთში გადამცემი ანძების დაზიანებას ცდილობენ

0
დიდი ბრიტანეთის მობილური კავშირის პროვაიდერთა გაერთიანება Mobile UK ავრცელებს ინფორმაციას, სატელეფონო ანძებზე მიზანმიმართული 20 ახალი თავდასხმის თაობაზე, რომლებიც სააღდგომო კვირას განხორციელდა. პროვაიდერთა თქმით, დაზიანებული ანძები გამოვლენილია ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში. ერთ-ერთი ასეთი ანძა სულაც კომუნიკაციის არსებობას უზრუნველყოფს ქალაქ ბირმინგემში მდებარე საავადმყოფოსთვის, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ. 3 ადამიანი დააკავეს ლონდონის გარეუბანში, მაშინ როდესაც, ისინი სატელეფონო ანძისთვის ცეცხლის წაკიდებას გეგმავდნენ. კიდევ ერთი ანძა დააზიანეს სამშაბათს, 14 აპრილს, ქალაქ ჰადერსფილდში. 5G კომუნიკაციისთვის საჭირო ახალი თაობის ანძების წინააღმდეგ მიმართული ვანდალიზმის ფაქტები კორონავირუსული პანდემიის დაწყებამდეც ხდებოდა, მაგრამ აღნიშნული ტენდენცია ახლა უფრო გააქტიურებულია, რადგან უკანასკნელ პერიოდში ფართოდ დაიწყო რიგით მოსახლეობაში „შეთქმულების თეორიის“ გავრცელება იმის თაობაზე, რომ ამ ტიპის თანამედროვე გადამცემი მოწყობილობები სავარაუდოდ თავად იწვევენ, ან სულ მცირე ხელს უწყობენ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას. „თეორიები, რომლებიც 5G-ის გარშემო ვრცელდება, სრულიად უსაფუძვლოა და არანაირი სამეცნიერო საწყისი გააჩნია. მობილური ოპერატორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ კომუნიკაციას მთელს ბრიტანეთში, მაგრამ მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურაზე მუდმივმა თავდასხმებმა შესაძლოა დიდი სირთულეები შეუქმნას, ისეთ სასიცოცხლო ინდუსტრიას და ობიექტებს, რომლებიც ყველაფერს აკეთბენ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადეს Mobile UK-ში. „როგორი მძიმეა, როდესაც კორონავირუსით დაავადებული ადამიანი კლინიკაში მკურნალობს და მის გვერდით ახლობლები არ იმყოფებიან შესაძლო ინფიცირების საფრთხის გამო. ამავდროულად, ანძებზე განხორციელებული თავდასხმები არც სატელეფონო და ვიდეო კავშირის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს მათ. ყველაფერი ეს ხდება იმ დეზინფორმაციის გამო, რომელსაც მსგავსი ტიპის „შეთქმულების თეორიტიკოსები“ იღებენ და შემდეგ თავად ავრცელებენ“, - განაცხადა კომპანია Vodafone UK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკ ჯეფრიმ. „5G ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“ მიმართული ვანდალური ფაქტები მხოლოდ დიდ ბრიტანეთში არ ხდება. მსგავსი შემთხვევების შესახებ ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ირლანდიაში, იაპონიაში, ირანში და სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა. საინტერესო კი ისაა, რომ ზოგიერთ ამ სახელმწიფოში, სამთავრობო დონეზე ჯერჯერობით არც კი დაუმტკიცებით ამ ტექნოლოგიის დანერგვა. წყარო: www.bbc.com
#coronavirus
#disinformation
#5G
#headline
0