Pietà - ფილმის განხილვა

0
❗შესაძლოა შეიცავდეს სპოილერებს Pietà რეჟისორ კიმ კი-დუკის მე-18 და ყველაზე ცნობილი ფილმი. აღსანიშნავია, რომ ‘’პიეტა’’ პირველი კორეული ფილმია, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი ‘’ოქროს ლომი’’ მოიპოვა. მოქმედება ვითარდება სეულის ერთ-ერთ დასახლებაში - ჩონგეჩონში. პიეტა მოწყელებას ან თანაგრძნობას ნიშნავს. იგი ასოცირდება ქალწული მარიამის მიერ მომაკვდავი ქრისტეს დატირებასთან. რეჟისორ კი-დუკის თქმით, მიქელანჯელოს ცნობილი, იმავე სახელწოდების მქონე ქანდაკების ნახვა გახდა შთაგონების მთავარი წყარო. ქანდაკებამ დღევანდელი საზოგადოების მძიმე სევდა და ტკივილი აგრძნობინა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ფილმისთვის ეს სახელი დაერქმია. მთავარი გმირია ლი კანგ-დო. 30 წლის მანკიერი კაცი, რომელიც მუშაობს მევახშეებისთვის და აგროვებს გასესხებულ თანხას, ხოლო მათ, ვინც თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სამუდამოდ ასახიჩრებს იმავე საშუალებებით, რითაც მთელი ცხოვრება თავს ირჩენდნენ. კანგდოს ყველა გაურბის, მისი ყველას ეშინია. სიმბოლურია, რომ ფილმი იწყება თვითმკვლელობის სცენით - კანგდოს ერთ-ერთი მსხვერპლი უიმედობისაგან იხრჩობს თავს და წერილს უტოვებს დედას. მსესხებლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან: ერთი უსუსურია, იმდენად, რომ ყველაფერს ცოლს აბრალებს. ხელმოჭრლის მუშაობა აღარ შეუძლია და ცოლის ვაჭრობით გააქვს თავი. მეორეს შურისძიების გრძნობა არ ასვენებს. ისიც იცის, რომ თავად ამას ვერ შეძლებს, ამიტომ თავის მცირეწლოვან ვაჟს ყოველ დღე ახსენებს, როგორ დაასახიჩრა კანგდომ. ბავშვი ძალადობას ადრეულ ასაკშივე ამჟღავნებს: ფანქრის წვერით ცდის კანგდოს დაჭრას. მესამე მათგანს კანგდოსი არ ეშინია, რადგან სიცოცხლე არ ადარდებს. ფული ისესხა, რათა დროებით ებედნიერა და შემდეგ მომკვდარიყო. მეოთხე ახალგაზრდა, ბავშვის გაჩენის მოლოდინში მყოფი მამაა, რომელიც მზადაა 30 ათასის სანაცვლოდ ორივე ხელი მოიჭრას. მეხუთე ინვალიდის ეტლში მჯდომი ბერია, რომელსაც ტაძრიდან გადმოხედვა და ბუნების საკუთარი თვალით დანახვაც არ შეუძლია... კანგდოსთვის ყოველდღიურობის ნაწილია ადამიანების დასახიჩრება, დაშინება, ფულით გამოცდა. იგი ყოველ დღე, ყოველი სასტიკი ქმედების წინ, ერთიდაიგივე ადგილას არჭობს დანას თავის ოთახში გამოკრულ ნახატზე. განსხვავებულია საუბრის სტილი. თავად რეჟისორის თქმით, მან უპირატესობა სალაპარაკო სტილზე მეტად ლიტერატურულს მიანიჭა, რაც თეატრალური სტილის შთაბეჭდილებას უტოვებს მაყურებელს. განსხვავდება გადაღებაც. ერთ მომენტში თუკი ჩანს ცა, მეორე მომენტში ვხედავთ იმ სასტიკ მანქანა-დანადგარებს, რომლებიც სამუდამოდ უმახინჯებს ცხოვრებას ადამიანებს. გადაღების ადგილი - ჩონგეჩონი, სავსეა მცირე ფაბრიკებით, რომლებიც ამუშავებს სხვადასხვა მანქანა-დანადგარებს. ფილმში გრაფიკული სცენები არ არის, მხოლოდ მანქანა-დანადგარების ჩვენებაც საკმარისია, მათ ძალადობასთან ასოცირებისათვის. ‘’მანქანები არ იმართება თავად, ადამიანები ვმართავთ მათ. საშინელებაა, არა? ჩემი აზრით, სწორედ ასეთია ჩვენი ცხოვრებაც. ამ მანქანებს გულისცემის ხმა აქვთ. ეს სცენები ცხოვრების ჩემი ფილოსოფიაა’’, ამბობს რეჟისორი. კანგდოს ცხოვრებაში უეცრად ჩნდება ქალი, რომელიც თავს მის დედად ასაღებს. 30 წლიანი მიტოვების შემდეგ, კანგდოსთვის რთულია დედის არსებობის დაჯერება. იგი თავიდან გიჟად რაცხავს ქალს, შემდეგ კი ყველანაირად ცდილობს მის დამცირებას და სიმართლეში გამოტეხვას: აიძულებს, შეაჭამოს თავისი ბარძაყის ხორცი, ‘’აქედან გამოვედი?’’, ეკითხება დედას, ‘’მაშინ შემიძლია ისევ უკან შევიდე?’’ და აუპატიურებს მას. კანგდოსა და ქალს შორის ურთიერთობა სტაბილურდება. დედობრივ სითბოს მოკლებული მალევე ეჩვევა უცხო ადამიანის მზრუნველობას. კანგდო დიდი ბავშვია. იგი ჯერ კიდევ ნახულობს ვულგარულ სიზმრებს, კლავს ცხოველებს, რადგან ბოროტების მეტი არაფერი იცის. დედასთან ერთად ქუჩაში პირველად გამოსული ერთობა ბუშტებით, ხელჩაკიდებული ათვალიერებს ყველაფერს, ელოდება, როდის დაამთავრებს დედა ლამაზი ზედის ქსოვას, უჩნდება კითხვები, რომელზე პასუხსაც დედისაგან მოითხოვს.( ‘’-რა არის ფული?’’ ‘’ფული? ყველაფრის დასაწყისიცა და დასასრულიც..სიყვარულის, პატივის, ძალადობის, რისხვის, სიძულვილის, სიხარბის, შურისძიების..სიკვდილის.’’) უჩნდება ღამით დედის მკლავებში დაძინების სურვილი და პირველად ეუფლება მარტოობის შიში. ‘’პიეტას’’ სამი მთავარი თემა გასდევს: ფული, ოჯახი და შეცდომის გამოსყიდვა, რომლებსაც მაყურებელი თავისებურად აღიქვამს. ფილმი განიხილება რელიგიურ ასპექტშიც, კიდუკის აზრით, კანგდო წააგავს ქრისტეს ფიგურას, მაგრამ არარელიგიური ადამიანისთვის იგი ცხოვრებასთან შერიგების სიმბოლოდ უფრო აღიქმება. მრავალი ფიქრობს, რომ ფილმი შურისძიების ისტორიაა. სინამდვილეში იგი წარმოგვაჩენს თითოეულ ჩვენგანს, როგორც დამნაშავეს, თანამზრახველსა და მსხვერპლს. საბოლოო სცენა პატიებაა: სასოწარკვეთილი დედის შენდობა, გულწრფელი სინანული და თანაგრძნობა. ფილმი შურისძიების კი არა, ორი შვილის დედის ისტორიაა. საბოლოოდ, კანგდოს დანაშაულის გრძნობა სიცოცხლის აზრს აკარგვინებს. ფილმის ბოლო კადრში ვხედავთ აღმართზე მიმავალ სატვირთოს, რომელიც ტოვებს სისხლიან კვალს. ‘’ეს არის ცხოვრება’’, ასე განმარტავს რეჟისორი ამ სცენას. ‘’ცხოვრება აღმართებითა და დაღმართებით’’. ‘’პიეტას’’ მთავარი მორალი სწორედ ისაა, რომ დანაშაულის გრძნობას შეიძლება უფრო სასტიკი ზეგავლენა ჰქონდეს, ვიდრე თავად ძალადობის აქტს. ------ Busan International Film Festival (October 11-12, 2012) Toronto Review: Kim Ki-duk’s ‘Pieta’ Beyond Hallyu: Korean Film in Review: “Pieta” Wikipedia - Pietà (film)
0