ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო წირვა მრევლის გარეშე გაიმართება

0
გუშინ, 15 აპრილს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, იოანე გორელიშვილმა, განაცხადა, რომ სააღდგომო ღამის ლიტურგია მრევლისთვის დახურული იქნება. კერძოდ, ღვთისმსახურება აღევლინება მონასტრებში, სადაც მას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. ეკლესიებში ლიტურგია დილის 7 საათზე დაიწყება და მრევლი იქ დასწრებას შეძლებს. "მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც მდებარეობს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება ღამისთევით, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები და მონაზვნები აღასრულებენ ღვთისმსახურებას და თავად მეუფე დიმიტრიც ღვთისმსახურებას აღასრულებს ბათუმში, სამების დედათა მონასტერში, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ტრანსლირება, ყველას მიეცემა საშუალება, სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება". შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ სააღდგომო ლიტურგიის გაუქმებაზე უარი თქვა. საპატრიარქოს განცხადებით, ის ამაზე ხელისუფლებას შეუთანხმდა, მაშინ როდესაც ყველა სხვა რელიგიურმა ორგანიზაციამ ღვითსმსახურება გადადო. მსოფლიოს მასშტაბით 15-დან 13-მა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ან სრულად გააუქმა ლიტურგია, ან მრევლის გარეშე ჩატარებას გეგმავს. სახელმწიფოს პოლიტიკას დაემორჩილა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც. დღეს, 16 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარიძემ განაცხადა, რომ ლიტურგიის ონლაინ ჩატარებას არ გამორიცხავდა. "მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს" - თქვა მინისტრმა და დაამატა, რომ მრევლის ერთ შენობაში 9 საათის განმავლობაში ყოფნა, მათლაც, საფრთხის შემცველია. სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლასთან დაკავშირებულ რისკებზე ეპიდემიოლოგებმა არაერთხელ განაცხადეს. პაატა იმნაძემაც და ამირან გამყრელიძემაც არაერთხელ გაიმეორეს, რომ სახლში დარჩენა აუცილებელია იტალიის სცენარის გამოსარიცხად. მათ ეკლესიასთან პირდაპირ კონფრონტაციისგან თავი შეიკავეს, თუმცა მიანიშნეს, რომ შეზღუდვები ყველას ეხება.
#news
#politics
#ეკლესია
#batumidaily
0