განსხვავებული აღდგომა
Batumi Daily
წელს მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიები აღდგომას განსხვავებულად აღნიშნავენ. ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანესი დღე ბათუმშიც განსხვავებულია - პანდემიის პირობებში, ღამით წირვაზე მრევლი არ შეიკრიბა, თუმცა დილის 7 საათიდან მოსახლეობისთვის ღია ლოცვა მაინც ჩატარდა. ღამე სასულიერო პირები ლოცულობდნენ აჭარის მასშტაბით მონასტრებშიც.
ბათუმელების დიდი ნაწილი სახლში დარჩა: ფეისბუქის გახსნისას, სააღდგომოდ გაწყობილ სუფრასთან, ხატის პურებთან და ფერად კვერცხებთან ერთად, შევხვდებით ზრუნვით სავსე მოწოდებებს - "დარჩით სახლში, ღმერთი ყველგანაა", "აღდგომა სიცოცხლესთან უნდა ასოცირდებოდეს, გაუფრთხილდით სხვის სიცოცხლეს!"... გამოჩნდება ხალხიც, ვისაც პანდემიის საფრთხის არ სჯერა და თვლიან, რომ საშიში არაფერია. მანქანით აკრძალვის მიუხედავად საპატრიარქოსთვის ამის ნებართვის დაშვებას ერთი მომხმარებელი ასე გამოეხმაურა: "ურწმუნოებმა იკითხონ, თორე მე კი მომემსახურება ჩემი ლურჯა და მიმიყვანს დანიშნულების ადგილემადე", რასაც ლურჯას ფოტო დაურთო. ვნებათა ღელვა და არაერთგვაროვანი ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ბევრისთვის ეს პირველი უჩვეულო აღდგომაა.
თუმცა, ეს არ არის პირველი აღდგომა, რომლის აღნიშვნაც მთლიანად კაცობრიობას სხვანაირად უწევს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საზარელი პანდემია, შავი ჭირი ისტორიას კარგად ახსოვს. 1347 წელს, ყირიმიდან გენუას დროშით მცურავი გემი სიცილიის ნავსადგურში გაჩერდა. იტალიასა და ევროპის რეგიონში, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ აფრიკასა და მიმდებარე ტერიტორიებზე შავი ჭირის ეპიდემია ზუსტად იმ გემიდან დაიწყო. ბუნებრივია, ეპიდემია წლებია გაგრძელდა და ადამიანების სიცოცხლესთან ერთად, არაერთი სააღდგომო ლიტურგია შეიწირა. ისტორიკოსთა ცნობით, მაშინ ხალხმა არ იცოდა, ზუსტად როგორ გადადიოდა ვირუსი, ამიტომ სააღდგომო ლიტურგიას შუა საუკუნეების ევროპაში სახალხო ადგილებში ატარებდნენ - მღვდლები მიდიოდნენ ხალხის ფანჯრებთან და აივნებთან, რათა ლოცვა აღევლინათ. ჰიგიენის წესებს არ იცავდა არც ერი და არც ბერი, ხშირად მღვდლები ფეხშიშველი დადიოდნენ. ასეთმა მიდგომამ მსხვერპლის რაოდენობა, ბუნებრივია, ვერ შეამცირა. სხვადასხვა წყაროებით შავმა ჭირმა ერთი მესამედი ან მოსახლეობის ნახევარიც კი შეიწირა.
1918 წელს მსოფლიოს მოუწია კიდევ ერთ, ინფლუენცას პანდემიასთან გამკლავება. აშშ-ს სახელმწიფოს ძალისხმების მიუხედავად, ქვეყანაში ინფლუენცას 500,000 ადამიანი შეეწირა აღნიშნულ წელს. ერთ-ერთ გავრცელების მიზეზად რელიგიური ორგანიზაციების დაუმორჩილებლობა სახელდება. 1918 წლის სააღდგომო ლიტურგიის შეზღუდვას არ დაემორჩილა ცინცინათის კათოლიკური ეკლესია, მღვდელმა მრევლს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა და ლოცვა მაინც აღავლინა. ეს მაშინ როდესაც იუტაში, სოლტ-ლეიქ სითიში, იმავე წელს, მორმონებმა სოციალური დისტანცირების გადაწყვეტილება მიიღეს. სალოცავების უმრავლესობა (50 ეკლესიამდე) დაიხურა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის შეკრება იყო დაშვებული რელიგიური რიტუალის ჩატარების მიზნით. იმის მიუხედავად, რომ დაავადებამ მაინც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა და სრული იზოლაცია არ მომხდარა, 1919 წლის აღდგომაზე ინფლუენცამ საგრძნობლად დაიკლო. 1918 წლის აღდგომაზე შეზღუდვების დაწესებამ მომავალი აღდგომისთვის სიტუაციის მკვეთრ გაუმჯობესებას უთუოდ ხელი შეუწყო სოლტ-ლეიკ სითისა და იუტას შტატში.
2020 წელს კი მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას. კათოლიკურმა, პროტესტანტულმა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებმა აღდგომის პერიოდი უკვე გაიარეს, დღს ჯერი მართლმადიდებლებზეა. წლევანდელი აღდგომაც განსხვავებულია. საბედნიეროდ, დღეს მსოფლიო, მეცნიერების დამსახურებით, ბევრად უფრო მზადაა ინფექციებთან და ვირუსებთამ გასამკლავებლად, ვიდრე ეს იყო 1918 წელს ან შუა საუკუნეებში. მსოფლიოს მასშტაბით აღდგომაც არა ეკლესიებში, არამედ სახლებში აღინიშნა. დღეს მართლმადიდებლებს, აბსოლუტურად ყველა სხვა ადამიანთან ერთად, მხოლოდ ერთ რაღაცას სთხოვენ - დარჩით სახლში.
გაზეთ "ატლანტიკის" მიხედვით, კოლორადოს შტატის გუბერნატორმა, ჯერედ პოლისმა, მოსახლეობას ასე მიმართა:
"კორინთელები 1:13 გვეუბნება, რომ ახლა რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული. ჩვენ რწმენა გვაქვს მეცნიერების, ექიმებისა და ექთნების, რომლებიც გვივლიან და ვაქცინაზე მუშაობენ. გაგვიჩნდა იმედი - რადგან სოციალურმა დისტანცირებამ გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია - COVID-19-ისნაირი დაავდების დაძლევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სიყვარულს გამოვიჩენ და საერთო მიზნებს საკუთარზე მაღლა დავაყენებთ".
ნახატი: ნინო ფერაძე
#აღდგომა
#ქრისტე_აღსდგა
#კორონავირუსი
#ისტორია
#batumidaily