ქაბულისა და თალიბანის წარმომადგენლები დოჰაში 12 სექტემბერს დაიწყებენ სამშვიდობო მოლაპარაკებას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

არაერთგზის გადადებული სამშვიდობო მოლაპარაკება ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბების წარმომადგნელებს შორის 12 სექტემბერს, ყატარში გაიმართება. ამის შესახებ ცნობებს ადასტურებენ როგორც ქაბულის ოფიციალური პირები, ისე ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მიესალმა ამ ნაბიჯს და მოუწოდა მხარეებს, რომ ხელიდან არ გაუშვან „ავღანეთისთვის ეს ისტორიული შესაძლებლობა და ბოლო მოუღონ ომსა და სისხლისღვრას, რაც ქვეყანაში 4 ათეული წლის განმავლობაში გრძელდება“. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაიკ პომპეო გაემგზავრება დოჰაში, რათა დაესწროს შიდა ავღანური დიალოგის გახსნას. ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის მოლაპარაკების დაწყება იყო მთავრი საკითხი აშშ-ისა და თალიბებს შორის თებერვალში ხელმოწერილი სამშვიდობო გეგმის ნაწილი. მაგრამ შიდა ავღანური დიალოგის დაწყება გაჭიანურდა ქაბულსა და თალიბანს შორის ტყვეთა საყოველთაო გაცვლის პროცესის თაობაზე წარმოქმნილი უთანხმოების გამო, რომლის გადაწყვეტაც ავღანეთის დიდი კრების - ლოია ჯირგას- მოწვევით გახდა შესაძლებელი. როგორც ავღანეთის დელეგაციის წევრმა, ფავზაი კოფიმ, აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები დოჰაში 11 სექტემბერს გაემგზავრებიან, მოლაპარაკების გახსნა კი 12 სექტემბერს იგეგმება. ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, რომ დოჰა 12 სექტემბერს უმასპინძლებს შიდა ავღანური მოლაპარაკების დაწყებას. იუწყებიან, რომ თალიბების მხრიდან მომლაპარაკებლები უკვე ჩავიდნენ ყატარში.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30833122.html #ახალი_ამბები #twitter