3 ულამაზესი ჩანჩქერი ბათუმთან ახლოს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
Batumi Daily
როცა ბათუმში ძალიან ცხელა, ხანდახან ზღვაც ვერ აგრილებს. წყალი ძალიან თბება და ამოსვლისთანავე გცხელა, თითქოს არც გიბანავია. ასეთ დღეებში ტოვებენ ქალაქს და მთაში ეძებენ შვებას, სიგრილესა და სიმშვიდეში, კაკლის ხეების ჩრდილქვეშ. საით წავიდეთ თუ ქალაქის სიცხე აუტანელია? ჩანჩქერებისკენ გირჩევდით, რის ნაკლებობასაც წყალუხვი აჭარა ნამდვილად არ უჩივის. მტირალას და მახუნცეთის ჩანჩქერებზე არაფერს ვიტყვით, ისეც გეცოდინებათ. ბათუმთან ახლოს კიდევ არაერთი ნაკლებად ცნობილი ჩანჩქერია, სადაც ბანაობაც შეგიძლიათ, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებაც და, რაც მთავარია, გრილი დღის უტყუარი გარანტიაც გექნებათ. ჯოჭოს ჩანჩქერით დავიწყოთ.
ჯოჭოს ჩანჩქერი
სოფელი ჯოჭო ბათუმიდან 19 კილომეტრითაა დაშორებული, ხელვაჩაურში, ერგეს ცენტრიდან ზედა ჯოჭოს ჩანჩქერამდე 4 კილომეტრია, სანამ ჩანჩქერს მიადგებით, გზად შეგხვდებათ მდინარეზე დაგუბებული აუზი, რაც ასევე მშვენიერი შესაძლებლობაა გრილ წყალში საბანაოდ.ჩანჩქერამდე მისასვლელად ტყეში 20 წუთიანი სავალი გზაა, ბილიკი მოპირკეთებული არ არის, მაგრამ მიხვდებით, რომ ბილიკია.
მერისი
მერისი სოფელია ქედაში, ჩანჩქერსაც ასე ჰქვია. იქამდე კეთილმოწყობილი სამანქანე გზა მიდის, მოწყობილია კიბეები და მოაჯირები, ქვიდან ქვაზე ხტომა არ მოგიწევთ, თუმცა სრიალა ლოდებთან მაინც ფრთხილად უნდა იყოთ. ჩანჩქერის საუკეთესო ხედების გადასაღებად შეგიძლიათ სახელდახელოდ გაჭიმულ საბაგიროში ჩასხდეთ.
მეძიბნა
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეძიბნას ჩანჩქერი აჭარის ნიაგარაა. ზღვის დონიდან 640 მეტრზე მდებარე სოფელში სულ სამოცამდე ოჯახი ცხოვრობს. ქედის ცენტრიდან სოფლამდე 7, 8 კილომეტრია. კაკლებით დაჩრდილულ მეძიბნაში, ჩანჩქერთან მისვლამდე შეგილიათ სოფლის ხედებით დატკბეთ და ჩრდილში დაისვენოთ, სადაც აუცილებლად შეგნიშნავთ ვინმე და შემოგთავაზებთ სოფლის ცენტრის საამაყო ჭიდან წყალს, ქაფქაფა ყავას, გამოგკითხავენ ხომ არ ხართ მშივრები და მოსვენება ხომ არ გჭირდებათ, თვალების გაფართოებამდე და გულის აჩუყებამდე სასიამოვნოა ეს ყურადღება სრულიად უცნობებისგან – მარტივად რომ ვთქვათ, ტურიზმი აქ ჯერჯერობით განვითარებული არ არის და სოფლის სტუმარს ტურისტად, შემოსავლის წყაროდ არ აღიქვამენ.მეძიბნა გვალვაშიც კი წყალუხვია, ტყის ბილიკის გავლის შემდეგ, არ ელი, ისე სწრაფად და მოულოდნელად ჩნდება მისი ულამაზესი და შთამბეჭდავი ხედი. უზარმაზარი, ცადაწვდილი მთებიდან მოედინება, ვარდნის სიძლიერე ისეთია, რომ ჩანჩქერის ბუნებრივ აუზში ბანაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. მიუხედავად დაღლისა ყველამ ერთხმად შესძახა, რომ ეს ამად ღირდა, რომ მეძიბნა საუკეთესო ჩანჩქერია აჭარაში რაც კი გვინახავს და ამ სოფელს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ბუნება
#ჩანჩქერები
#batumidaily
წყარო - batumelebi.ge
#ჯანსაღიცხოვრება
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#ახალიამბები