ბელარუსში დესტაბილიზაციის მოწყობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

Interworld

ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მათ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 32 დაქირავებული დააკავეს, რომლებიც 9 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ სავარაუდოდ შიდა „დესტაბილიზაციის“ მოწყობას გეგმავდნენ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA-ს ინფორმაციით, ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურმა „ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებული 32 პიროვნება დედაქალაქ მინსკის მახლობლად მდებარე კურორტზე მას შემდეგ დააკავეს, რაც 24 ივლისს, ქვეყანაში 200-ზე მეტი რუსი სამხედრო კონტრაქტორის ჩასვლის თაობაზე წინმსწრები ინფორმაცია მიიღეს. კიდევ 1 პიროვნება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იქნა დაკავებული. რუსეთის ამ 33 მოქალაქის ასაკი 24-დან 55 წლამდეა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ფედერაცია „ბინძური ზრახვების“ განხორციელების მცდელობაში დაადანაშაულა და ადგილობრივი სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) უფროსს ვალერი ვაკულჩიკს ოფიციალური მოსკოვისგან ახსნა-განმარტებების მიღება დაავალა. „ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვთხოვოთ რუსეთის ფედერაციის შესაბამის სტრუქტურებს ახსნა, თუ რა ხდება“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მინსკში მდებარე რუსეთის საელჩოს განცხადებით, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მათი მოქალაქეების დაკავების თაობაზე ინფორმაცია უკვე მიიღეს. „ვაგნერის“ ჯგუფი არის რუსული სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც (პუტინთან დაახლოვებული) გავლენიანი რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს. ამ დანაყოფის დაქირავებულები იბრძვიან სირიაში, ლიბიაში, უკრაინასა და აფრიკის კონტინენტის კონფლიქტებში. 2018 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ორგანიზაცია სხვა კიდევ 30 ერთეულ კომპანიასთან და ფიზიკურ პირთან ერთად, რომლებსაც სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებთან კავშირები აქვთ, ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. საინფორმაციო სააგენტო BelTA-ს ცნობით, დაკავებულთა ზოგადი მოქმედებები „რუსი ტურისტებისთვის“ არადამახასიათებლად გამოიყურებოდა - ისინი არ იღებდნენ ალკოჰოლს და მათი „ერთიანი სამხედრო სტილის“ ჩაცმულობა აშკარა ყურადღებას იქცევდა. ადგილობრივი სახელმწიფო სატელევიზიო არხ Belarus-1-ის მიერ გავრცელებულ დაკავების კადრებში ჩანს რუსული პასპორტები, აშშ დოლარის ბანკნოტები, არაბული დამწერლობის მქონე დოკუმენტები. გადაღებულ კადრებში ასევე ჩანს სუდანის ვალუტა და სატელეფონო ბარათები, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ეს პიროვნებები სავარაუდოდ ბელარუსის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოდან ჩავიდნენ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსული პანდემიის პირობებში, ოფიციალურ მინსკს საზღვრები არ დაუკეტავს და ჩვეულ რეჟიმში ახორციელებდა ფრენებს. ზოგადად რუსეთის ფედერაცია ბელარუსის უახლოესი პოლიტიკური და ეკონომიკური მოკავშირეა, მაგრამ ლუკაშენკო პერიოდულად აცხადებდა, რომ კრემლი მინსკის დამოუკიდებლობის შეზღუდვას ხშირ შემთხვევაში ცდილობს. განხორციელებულმა დაკავებებმა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის შესაძლოა დაძაბულობის მატება გამოიწვიოს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Belarus #Russia #Wagner #military #organization #elections #interworld _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ახალიამბები #პოლიტიკა