სოფიო ხუნწარია -"ამ ბიჭის თვალებში ჩვენი, ყველას ამბავია"

Tbilisi Daily

ფოტოს, რომელიც დღეს აფრიკის დასახლებაში გადაიღეს და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე სოფიო ხუნწარია ,,ფეისბუქის" გვერდზე, ემოციური სტატუსით ეხმაურება: ,,ამ ბიჭს დიდი თვალები აქვს, როგორც შიშს. ხელში ჯოხი ისე უჭირავს, მთელი მისი ბრაზი მასზე გადააქვს. არც ის ვიცი ეკუთვნოდა თუ არა რომელიმე ოთხი კედელი, თუმცა ფაქტია, რომ მას თბილი ლოგინი არ აქვს. ამ ბიჭის თვალებში ჩვენი ყველას ამბავია და მასში მთელ სირცხვილს ამოიკითხავ, რომელიც ძალიან ბევრი წელია არ მოგვშორდა, არ წავიდა. დღეს ბევრ სახლში აეწყობა ნაძვის ხე და შესაძლოა, ნიგვზის გარჩევაც დაიწყოს, როცა ამ ბიჭის ნაირი თვალები ბევრს აქვს და ისინი შიშს გვანან. ამ ბიჭის ჯოხი, წლები გავა და როზგივით მოგვხვდება. მას სხვა გაბრაზებული ჯოხი ეჭირება და ვეღარ გავაჩერებთ. მერე გავრიყავთ და შევარცხვენთ. ეს ამბავი არ არის ამ ბიჭზე, ჩვენზეა, უბრალოდ კარგად ჩანს მის დიდ თვალებში, რომელიც შიშივით შეგვეფეთება", - წერს სოფო ხუნწარია სოციალურ ქსელში. თბილისში, აფრიკის დასახლებაში გადაღებულ მამა-შვილის ფოტოს, მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდნენ და წერდნენ, რომ თბილისის მერიამ ამ ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიც დაანგრია, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მამა-შვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ცხოვრობს და არც მათი სახლი დაუნგრევიათ. ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა, შემთხვევის დროს რამდენიმე პირი დააკავეს. მომხდარს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე დემონტაჟს მხოლოდ მშენებარე ობიექტები დაექვემდებარა. მისივე ინფორმაციით, შენობა-ნაგებობებს, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, არავინ შეხებია.