საავადმყოფოს, სადაც ნავალნი მკურნალობს, ბერლინის პოლიცია იცავს
Tbilisi Daily
ბერლინში მდებარე საავადმყოფო Charite, სადაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკურნალობს, პოლიციის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle იუწყება.
გამოცემის ცნობით, კლინიკის მახლობლად დაახლოებით 10 სამართალდამცავი მორიგეობს, პერიმეტრს კი 2-5 კაციანი ჯგუფები აკონტროლებენ.
ამ დროისათვის, ნავალნი კომაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მედიკოსები ოპოზიციონერის სავარაუდო მოწამვლის ვერსიას განიხილავდნენ. თუმცა, როგორც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში გაანცხადეს, ნავალნის ანალიზის პასუხების თანახმად, მის ორგანიზმში რაიმე სახის ტოქსიკური, მომწამვლელი ნივთიერება აღმოჩენილი არ არის. ალექსეი ნავალნის ორგანიზმში რუსეთში ჩატარებული ანალიზებით, ალკოჰოლური ნივთიერება და კოფეინი აღმოჩნდა. თუმცა, ამ ვერსიას ოპოზიციონერის ოჯახი არ ადასტურებს და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, ომსკიდან მოსკოვში მიმავალი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს.