Პუტინის უარი ფაშინიანს

Tbilisi Daily

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც „დაუყოვნებლივ კონსულტაციების გამართვას" ითხოვდა იმაზე, თუ რა სახის და რა მასშტაბის დახმარების გაწევა შეუძლია რუსეთს სომხეთისათვის 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებიდან გამომდინარე, რაზეც პრაქტიკულად უარი მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო განცხადებაში აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს დახმარებას, თუკი ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გადავა. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ეს არ ნიშნავს რუსეთის მიერ სომხეთისთვის დახმარებაზე უარის თქმას. მისი აზრით, ოფიციალური მოსკოვის განცხადება უფრო გაფრთხილებაა აზერბაიჯანისათვის, რომ თუკი აზერბაიჯანული არმია სომხეთის ტერიტორიაზე მიიტანს იერიშსს, რუსეთი ომში ღიად ჩაერთვება. „ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა სომხეთი გაჭირვებაში მიატოვა, პირიქით, აქ, როგორც ჩანს, სიტუაცია ისე დაიძაბა, სამხედრო კუთხით რომ შევაფასოთ, არაა გამორიცხული, რომ საბრძოლო მოქმედებები ან ერთ ან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე გადავიდეს. ბრძოლები რიგ შემთხვევაში ფაქტიურად სომხეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სომხეთს შეუძლია თავის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსნას, ხოლო აზერბაიჯანს - სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ნაწილებს. ამ განცხადებით რუსეთმა პირიქით, აზერბაიჯანი გააფრთხილა, რომ თუ ის საზღვარს გადალახავს და დარტყმას სომხეთის ტრიტორიაზე განახორციელებს, მაშინ სომხეთს დაეხმარება. „ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის დამხმარე მხოლოდ თურქეთია, მათ ხელშეკრულებს 2010 წლის ოქტომბერში დადეს და თუ არ ვცდები მეორე მუხლია, სდაც ნათქვამია, რომ თუ აზერბაიჯანი, ან თურქეთი რომელიმე ქვეყნის შეიარაღებული აგრესიის ობიექტი გახდა, ერთმანეთს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ. „თუმცა თურქეთი აზერბაიჯანს ისედაც ეხმარება, მათ შორის დაქირავებული მებრძოლების სახით. აზერბაიჯანულმა მხარემ რაც არუნდა თქვას, ეს ფაქტია და ამას საერთაშორისო პრესა წერს და უკვე გასაკვირიც არაა. „ფაქტიურად აზერბაიჯანი-სომხეთის დაპირისპირება უკვე წითელ ზღვარს უახლოვდება იმ კუთხით, რომ ეს დაპირისპირება შეიძლება უკვე რეგიონალურ ომში არ გადაიზარდოს და რუსეთმა ზუსტად ამ განცხადებით აზერბაიჯანული მხარე გააფრთხილა, რომ არ გაბედოთ და არ გადახვიდეთო. „რუსეთსა და სომხეთს შორის სამი ხელშეკრულება მოქმედებს - სტრატეგიული, მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ. მესამე მოსკოვის ხელშეკრულებაა, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა და სომხეთმა კოალიციური დაჯგუფება შექმნეს და ბუნებრივია, როგორც კი სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდება, ეს ამოქმედდება. არსებობს „კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის" მეოთხე მუხლი, რომელიც სწორედ ანალოგიური ტიპის ქმედებას განახორციელებს, თუმცაღა „ოდეკებეს" ფარგლებში ყაზახეთმა შესაძლოა გადაწყვეტილების ბლოკირება მოახდინოს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მხარს აშკარად აზერბაიჯანს უჭერს. „ახლა აზერბაიჯანს ორი მთავარი სტრატეგიული მიმართულება აქვს - ესაა შუშა და ლაჩინის კორიდორის აღება. როგორც კი ამ ორ მიმართულებას აიღებენ, როგორც ჩანს, რუსეთი ტერიტორიის გასწვრივ მშვიდობისდამცველებს განალაგებს. აქ რუსეთს სულ მცირე 10 ათასი ადამიანი დასჭირდება, რომლის გადასროლაც ცოტა რთულია, იმიტომ, რომ მათ სახმელეთო კორიდორი დასჭირდებათ. აქ უკვე საქართველოს ფაქტორსაც საკმაოდ სერიოზული გავლენა ექნება და აქ გამოჩნდება, რომ ზატულინისეული ფარული მუქარა შემტხვევითი არ იყო ნათქვამი", - განაცხადა მაისაიამ. Წყარო: რეზონანსი