Zoom Earth: სატელიტის ფოტო ბაჩალიაშვილის საქმეზე ტოტალურად ყალბია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დაცვის მხარის მიერ რამდენიმე დღის წინ მედიასთან მტკიცებულების სახით გასაჯაროებული სატელიტური ფოტოს სიყალბეს თვითერზე მიმდინარე დისკუსიაში ადასტურებს ონლაინ Zoom Earth, რომლის საძიებო პანელიც ჩანდა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ გრაფიკულ გამოსახულებაში.  "სქრინშოტი ტოტალურად გაყალბებულია. რეალურ დროში მყოფი გამოსახულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ მასშტაბის დაბალ დონეზე, სადც ჩანს ქალაქები/ღრუბლები. შენობების/მანქანების გამოსახულება თვეების ან წლების წინანდელია [ჩვენს პლატფორმაზე]" - წერს Zoom Earth-ის ოფიციალური არხი თვითერზე ერთ-ერთ დისკუსიაში, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეში არსებულ სატელიტური ჩანაწერების ავთენტურობას განიხილავდა    “ფორმულას” ეთერში 8 სექტემბერს გასაჯაროებული სატელიტური ფოტოების შემდეგ მიხეილ რამიშვილი 9 სექტემბერს პროკურატურაში დაიბარეს და სთხოვეს, დაესახელებინა წყარო, რომელმაც გრაფიკული მასალა მიაწოდა. ადვოკატის მტკიცებით მის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს თანამგზავრიდან 2020 წლის 19 ივლიის გადაღებული სოფელ მაწევანის ტერიტორია, სადაც 4 დღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ადვოკატი ამ გრაფიკული მასალით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მას ეძებდნენ, იქ არ იყო და მოგვიანებით, უკვე გარდაცვლილის ცხედარით სხვა პირებმა მიიყვანეს საავტომობილო გზის ნაპირას ტყის სიახლოვეს. შესაბამისად, დაცვის მხარე და გარდაცვლილის ოჯახი ამ მტკიცებულების გათვალისწინებით ითხოვენ გამოძიების მუხლის შეცვლას თვითმკვლელობის ნაცვლად მკვლელობის მუხლით. ბაჩალიაშვილის დედა ეჭვობს, რომ ადგილი აქვს ჯგუფურ, ორგანიზებულ მკვლელობას. პროკურატურა კი დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ვიზუალური მასალის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზას ატარებს.  ბაჩალიაშვილის დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებს განიხილავენ ინტერნეტიუზერები სხვადასხვა ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში. ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ გავრცელებული მასალა 2019 წლის შემოდგომას ასახავს და არა 2020 წლის ზაფხულს და იმაზეც, რომ გავრცელებული მასალა რამდენიმე შრეს მოიცავს და სხვადასხვა დეტალებით არის "აწყობილი".  ამავე თემაზე: სურათები სატელიტიდან - ახალი მნიშვნელოვანი მტკიცებულება თუ უხარისხო ფოტომონტაჟი ბაჩალიაშვილის საქმეში https://www.radiotavisupleba.ge/a/30833456.html #ახალი_ამბები #twitter #თამარ_ბაჩალიაშვილის_საქმე