ISW: რუსეთის საოკუპაციო ძალები შესაძლოა ემზადებოდნენ სამობილიზაციო ღონისძიებების გააქტიურებისაკენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, 14 აპრილს, ლსრ-ის ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა, ხელი მოაწერა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის ბრძანებას ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში. ბრძანებაში ნათქვამია, რომ საგაზაფხულო გაწვევა ლუგანსკში დაემთხვევა რუსეთში დაგეგმილ სამხედრო გაწვევას - პირველი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით. ყოველდღიური ანგარიშის ავტორები წერენ, რომ უცნობია, როგორ გეგმავს ლსრ-ის საოკუპაციო ხელისუფლება მოქალაქეების გაწვევას, რადგან სამხედრო გაწვევის ციკლი უკვე ორი კვირაა დაიწყო. ასევე მათთვის უცნობია, სად იმსახურებენ ახალწვეულები, რადგან რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინაში ომში. პასეჩნიკის განცხადება ეწინააღმდეგება დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ანდრეი კარტაპოლოვის 30 მარტის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო გაწვევა არ იგეგმება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები შესაძლოა ემზადებოდნენ სამობილიზაციო ღონისძიებების გააქტიურებისაკენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ISW-ის ყოველდღიური ანგარიშის თანახმად, ეროვნული წინააღმდეგობის უკრაინის ცენტრმა 15 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რაიონულ საოკუპაციო ადმინისტრაციებს დაავალა, რომ სამხედრო კომისარიატებს 18 აპრილამდე გადასცენ რუსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეების სიები. https://www.radiotavisupleba.ge/a/32365767.html

Source: radiotavisupleba.ge