ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რეზო ესაძე 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. იყო ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.
რევაზ ესაძეს 122 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. გადაღებული აქვს 11 ფილმი. სხვადასხვა წლებში იგი იყო იუმორისტული გაზეთ „ჭინჭრაქას" რედაქტორი, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი, გაერთიანება „დებიუტის" მხატვრული ხელმძღვანელი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია "+1"-ს. ასევე, იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფესორი.
ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში.
გასული წლის თებერვალში, როდესაც 85 წელი შეუსრულდა, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
#მსახიობი
#სცენარისტი
#მხატვარი
#გარდაცვალება
#რეზოესაძე