სოფო ჭყონია ქართულ მოდის ინდუსტრიაში კორონავირუსის შედეგებზე და MBFW კვირეულის მომავალზე

0
უკრაინულ ჰარპერ ბაზართან ახალ ინტერვიუში, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, სოფო ჭყონიამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქართველი დიზაინერების მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებზე და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც ქართულ მოდის ინდუსტრიას უახლოეს მომავალში მოუწევს. მოსალოდნელ სიახლეს წარმოადგენს თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის გაუქმება. თბილისში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური ღონისძიება მაისში იგეგმებოდა. „მაისის ჩვენებებისთვის უკვე მზად ვიყავით და ჩვენთვის ეს დიდი უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ მილანისნაირი ძალაუფლება ან პარიზისნაირი ხილვადობა არ გვაქვს. ჩვენ ლოკალური პროექტი გვაქვს. ეს პლატფორმა ქართველი დიზაინერებისთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, რომელზეც საერთაშორისო მყიდველები (ბაერები) და ჟურნალისტები ჩამოდიან. ახლა ეს ყველაფერი გაჩერდა. საუკეთესო ვარიანტში შემოდგომაზე განვაახლებთ ჩვენებებს, მაგრამ რომ ვერ შევძლოთ? არ ვიცი რა იქნება და რა მოტივაცია ექნებათ დიზაინერებს, მათ ბიზნესს. ჩვენს პროექტს არ აქვს რესურსი, რომ შეიქმნას ფონდი მათ მხარდასაჭერად, როგორც ეს გააკეთეს ანა ვინტურმა და ტომ ფორდმა“ – აღნიშნა ჭყონიამ. ანა ვინტურმა და ტომ ფორდმა პანდემიის შედეგად დაზარალებული ამერიკელი დიზაინერებისთვის ფონდი 2 კვირის წინ შექმნეს და პირველივე დღეს მხოლოდ რალფ ლორენისგან 1 მილიონი დოლარის მხარდაჭერა მიიღეს. ერთი მილიონი ფუნტით დაიწყო ბრიტანეთის მოდის საბჭომაც საკუთარი დიზაინერების გამხნევება, თუმცა ლონდონში ამბობენ, რომ პოსტ-კორონავირუსის პერიოდის გადასალახად მხოლოდ ინდუსტრიაში მოძიებული რესურსები საკმარისი არ იქნება და მთავრობის, კულტურის და ფინანსთა სამინისტროების მხარდაჭერა აუცილებელი გახდება. კითხვაზე, ახლა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მოდის ინდუსტრიის და ადგილობრივი დიზაინერების დახმარება არის თუ არა შესაძლებელი, ჭყონია პასუხობს: „არა ერთხელ წამომიყენებია ამასთან დაკავშირებით ინიციატივები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული. ახლა არავინ არ დაგვეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტებიდან. წინა სეზონზეც “აწარმოე საქართველოში”-მ, რომელიც ფინანსთა სამინისტროს პროექტია, შეამცირა ჩვენი დაფინანსება, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავდა მოდის ინდუსტრიის განვითარებაში. ჩვენ მოდის კვირეულს მაინც ჩავატარებთ, მაგრამ აუცილებლად შევამცირებთ დიზაინერების რაოდენობას. დავტოვებთ მხოლოდ მათ, ვინც უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწია და გარანტირებულად დადებს კარგ შედეგებს ხარისხის და შემოქმედების ჭრილში“. სხვა გზა არ გვექნება. ამიტომაც შევამცირებთ დიზაინერების რაოდენობას. ჩვენ ძალიან დიდი მოდის კვირეული გვქონდა, 6 დღე ჩვენებებით გადატვირთული. ასობით მოწვეული სტუმარი. ეს ნამდვილად მასშტაბური ღონისძიება იყო. ამის ფონზე, სტუმრებს, ხშირ შემთხვევაში, ყველაფრის გააზრების ძალაც კი არ რჩებოდათ. ამიერიდან საკმაოდ მცირედის შერჩევა მოგვიწევს და შედეგად ჩვენებების შემცირებაც. შესაბამისად, მოწვეულები იქნებიან მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად შეძლებენ წვლილის შეტანას ქართული მოდის განვითარებაში. მე შევძლებ განვახორციელო ზუსტად ის, რაც თავიდან მქონდა ჩაფიქრებული. იდეამ, რომ ყველასთვის მიმეცა შანსი, სხვა მიმართულებით წამიყვანა“. საინტერესოა რას ფიქრობენ თავად დიზაინერები, რომლებსაც წინ გამოწვევებით სავსე რამდენიმე სეზონი და წელიც კი ელით. „ბევრთან ვარ ყოველდღიურ კავშირში, თავიდან ყველას შოკი ჰქონდა. ეგონათ, რომ ცხოვრება დასრულდა. მაგალითად Tatuna-ს და Situationist-ს დიდი შეკვეთები ჰქონდათ Dover Street Market-იდან. რა იქნება შემდგომ ბუნდოვანია. შეკვეთები უქმდება. წარმოების შენარჩუნება კი უფრო ადვილი აღმოჩნდა. ქართველი დიზაინერების უმეტესობას დიდი ფაბრიკების ნაცვლად პატარა ატელიეები აქვთ. არაა რთული ამ ყველაფრის სახლის პირობებში გადატანა. მეორე მხრივ, მგონია, რომ ახლა შეიძლება დადგეს ქართველი დიზაინერების ვარსკვლავური მომენტი. ისინი მსოფლიო ბრენდებზე ბევრად იაფია, თუმცა ხარისხით არ ჩამოუვარდებიან. ეს უბრალოდ სიტყვები არაა, პარიზში ბევრ დროს ვატარებ და მაღაზიებშიც დავდივარ. ვიცი, რომ ქართველებს იგივე ხარისხი აქვთ. შემოქმედებით მხარეს რაც შეეხება, აქ ქართველები ნამდვილად იგებენ მსოფლიო ბრენდებთან შედარებისას“. თავის ფავორიტებზე საუბრისას ჭყონიამ აღნიშნა: „არის ბრენდები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვატარებ. არის ბრენდები, რომლებიც სტილისტურად არ მერგება, თუმცა ვიცი რომ მათ აქვთ თავიანთი ნიშა, ვხედავ მათ პოტენციალს, მითუმეტეს, როცა მათ ყავთ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მათთან მუშაობა სასიამოვნოა. მომწონს სიტუაციონისტი, ვთვლი, რომ მათი ყოველი ახალი კოლექცია წინაზე უკეთესია. ვთვლი, რომ ბოლო წლებში გიორგი ქებურია ძალიან გაიზარდა. მატერიელი არის ძალიან საინტერესო და აქტიური ბრენდი. ძალიან მარტივი და სასიამოვნოა ანუკისთან მუშაობა, ისინი ყოველთვის მზად არიან განვითარებისთვის, ამასთან თავად ანუკი ყოველთვის ითვალისწინებს რჩევებს და ადეკვატურადაა განწყობილი კონსტრუქციული კრიტიკის მიმართ. პლუს ყველაფერს დროულად აკეთებს“. 2019 წელს სოფო ჭყონია მოდის გლობალური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ადამიანებში დასახელდა. ის მესამე ქართველია, ვინც The Business of Fashion – მა რეიტინგში შეიყვანა.
#Fashion
#SofiaTchkonia
#Art
#georgiandesigner
Tbilisi
0