რელიგია, როგორც გაქცევა და ქრისტე, როგორც სიკვდილის ღმერთი.

0
იდეოლოგია, რელიგია, ფილოსოფია, ნებისმიერი კონცეფცია, რომელზეც შენდება კონკრეტული ინდივიდის ღირებულებათა სისტემა, ფუნდამენტურ არჩევანზეა დამყარებული და შენც დღეს, როგორც არასდროს საჭიროებ კითხვა დაუსვა საკუთარ თავს, ის რისიც გწამს, ათეიზმი იქნება ეს თუ თეიზმი, აგნოსტიციზმი თუ ნიჰილიზმი, შენ ჩემო თავო, რის საფუძველზე აირჩიე ეს რწმენა? იყო ეს სიცოცხლის არჩევანი, თუ სიკვდილისკენ სწრაფვა, იყო ეს აღდგომა თუ გაქცევა შენი რეალობიდან? სიცოცხლისთვის გწამს თუ სიკვდილისთვის? სიყვარული გწამს თუ ეგო? დღეს ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ისტერიას, დღეს ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელმაც საუკუნეების მანძილზე იკვება ეგო საკუთარი რელიგიით, საუკუნეების მანძილზე ბერა ეგო წილხვედრობითა და რჩეულობით, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ქრისტეს გაგება, როგორც წამებული, შეწირული, სიკვდილის ღმერთი. საუკუნეების მანძილზე ჯვარცმული ქრისტეს ქვეცნობიერი გაიგივების ხარჯზე, სიკვდილი, სარწმუნოებას შეწირვა, სიცოცხლის - იდეას შეწირვა, ტანჯვა, დაჩაგრულის პოზა გადაიქცა ქართველის განსაზღვრებად, როგორც ქრისტიანის, მისთვის ქრისტე გახდა სიკვდილის ღმერთი, რელიგია გახდა სიკვდილისკენ მიდრეკილი, თავშესაფარი სადაც სიცოცხლეს, ყოველდღიურობას, საკუთარ თავს გაექცეოდი, პრობლემები გქონდა ოჯახში? გაიქცეოდი ტაძარში და იქ შეიქმნიდი მეორე ცხოვრებას, სადაც ტანჯული წარსდგებოდი შენი ტანჯული ღმერთის წინაშე, შენ შენი რელიგია გამოიყენე გასაქცევად, რომ არ მოგეხადა ბოდიში მისთვის ვისაც ატკინე, მაგრამ აღსარებაში იტყოდი, შენ შენი ღმერთი ადამიანებს ამჯობინე და შენი შეცდომები ეგოს სასიკეთოდ, აღსარებად აქციე, მხოლოდ ღმერთის წინაშე, მაგრამ არასოდეს მოყვასისთვის, შენ გამოიყენე შენი ღმერთი რომ არ გყვარებოდა ადამიანი, შენ გამოიყენე შენი ღმერთი, იმისთვის რომ გაგემართლებინა შენი "არცხოვრება", გამოიყენე შენი ღმერთი მოსაკვდინებლად სიცოცხლეშივე, რადგანაც მკვდარი ხარ, იქამდე სანამ აქედან გარბიხარ, იქამდე სანამ მონანიება არ შეგიძლია ადამიანის წინაშე, იქამდე სანამ ეგოს ტყვეობაში ხარ და ინდივიდს არ აღიქვამ სიყვარულის ღირსად, განა შენს ღმერთს სჭირდება ასეთი თაყვანისცემა და სიყვარული? დოსტოევსკის "ყმაწვილიდან": "ასეთი ადამიანები ამჯობინებენ ღმერთს, რათა ქედი არ მოუხარონ ადამიანებს, ღვთის წინაშე ქედის მოხრა ისე შეურაცხმყოფელი არ არის, ბევრ მეტისმეტად ამაყ ადანიანს უყვარს სწამდეს ღმერთი, მეტადრე ისეთს, ვინც ადამიანებს ცოტა არ იყოს ზიზღით უცქერის. ასეთთაგან ხშირად გამოდიან, მეტისმეტად მორწმუნენი - გულმხურვალე მორწმუნნენი, - უფრო სწორად, გულხურვალე მოსურნენი იმისა, რომ სწამდეთ, მაგრამ ეს სურვილი მათ თვით რწმენა ჰგონიათ." ამიტომაც, მეგობარო შენ არ ხარ ქრისტიანი, შენ ჯვარცმული ქრისტეს "ფანი" ხარ, შენ სიკვდილის მიმდევარი ხარ, შენ არ იცნობ საკუთარ ქრისტეს, შენ შენი ღმერთი ბუდედ აქციე, ბუდედ სადაც ადამიანებს გაექცეოდი, სადაც შენს მიერ განაწყენებულ ადამიანს გაექცეოდი დიადი ღმერთის წინაშე, რადგან ადამიანი არ იმსახურებს შენთვის მუხლის მოყრას, რადგან შენი ეგო ამას ვერ გაუძლებდა, შეეკედლე შენივე გამოგონილ რელიგიას, რადგან ქრისტე სინამდვილეში სრულიად სხვა ცნობიერებაა, სიცოცხლის, აქ ყოფნის და სიყვარულის ცნობიერებაა, შენ კი სად ხარ ამდროს? შენი რწმენა დამყარებულია სიკვდილის სურვილზე, გაქცევის სურვილზე, რეალობიდან გაქცევის და ადამიანებისთვის თვალის გასწორების ნაცვლად გიმარტივდება ღმერთისთვის თვალის გასწორება, ამასობაში შენი ტაძარი გადაიქცა შენს დოპამინად, შენი ღმერთი ნარკოტიკად, შენ დამოკიდებული ხარ შენს გამოგონილ რეალობაზე. დღეს კი რა ხდება? ის რასაც ყოველთვის ელოდი, მეორედ მოსვლა, აპოკალიფსი, დანაწილება ცხვრებისა და თხების, სიკვდილის რევოლუცია და რატომ ელოდი ამ ყველაფერს ამხელა გულმოდგინებით, რომ შენი სიზმრები და ფიქრები გაჟღენთილი იყო აპოკალიფსური მოტივებით, სადაც სიკვდილთან გექნებოდა პირდაპირი შეხება, რადგან სიკვდილის "ფანი" ხარ, რადგან სიცოცხლე და სიცოცხლის რუტინა ჯოჯოხეთურად აუტანელია ადამიანისთვის, რომელიც გარბის, ამიტომაც სიხარულით მოელოდით აპოკალიფს სადაც თქვენი ღმერთი ძალიან ბევრ სისხლს დაღვრიდა, სავარაუდოდ გჯეროდათ - იმათ სისხლს ვინც "გაგაბრაზათ". არა მარტო ქრისტიანობის დამახინჯებული გაგება, არამედ სხვა რელიგიებიც, სხვა იდეოლოგიები, ხელოვნებაც და ლიტერატურაც მიიდრიკა სიკვდილისაკენ, კაცობრიობამ აირჩია გაქცევა და დღეს ყველანი ხედავთ როგორ თხრიან მსოფლიოში უზარმაზარ სამარხებს სადაც ათასობით კუბოს ერთმანეთზე დალაგებულს მარხავენ. რა გაგკვირვებია ადამიანო? სიკვდილის გარდა რა გიკეთებია, გაქცევის გარდა რა აგირჩევია, რას უყიჟინებდი მასებსა და საკუთარ თავს? შენი ღირებულებათა სისტემა შენი ღმერთი თუ შენი მეცნიერება გაქცევაზე დააშენე, ადამიანებისგან და საკუთარი თავისგან გაქცევაზე დააყენე, ზურგი აქციე ადამიანს და აირჩიე ღმერთი, მეცნიერება, სილამაზე თუ ფული, შენი ყველა ქმედება იყო სიცოცხლის საპირისპირო. ახლა კი გამოკეტილი ოთახებში, დარჩენილ საკუთარ თავთან ცხოველს დამგვანებიხარ, რადგან ეს არ იყო მესია, რომელსაც ელოდი, ამ მესიამ საკუთარი თავის ანაბარა დაგტოვა და წაგართვა ბუდე სადაც გარბოდი, სამსახური თუ მეცნიერება, ტაძარი თუ ქუჩის ბირჟა და შენ როგორც ღამის მაწანწალა ბანდიტი, მთელი სულისკვეთებით ცდილობ აუჯანყდე აპოკალფს, რომელმაც ოთახში გამოგკედა და გითხრა: აი ვინ ხარ სინამდვილეში, მე წაგართმევ გასაქცევს და პირისპირ დაგაყენებ სიკვდილის წინაშე, რა არის შენი არჩევანი? სიცოცხლე? იყო კი სიცოცხლე ოდესმე შენი არჩევანი?
0