watching your empire fall..

0
მე ვარ უხილავი მებრძოლი სიყვარულისთვის და ნაცარტუტად ვაქცევ შენს სიძულვილით შებორკილ სამეფოებს. მე ვარ მასხარა და ჩუმად შემოგაპარებ კლოუნის ქუდს გვირგვინის ნაცვლად და შენც თავს მოიწონებ სულელური გვირგვინით თაყვანისმცემლებში. და მე მეომარი ვარ, მე ის ვარ ვინც არავის და არაფერს ინდობს თავის გზაზე და მე ტირანი ვარ შენი სამეფოებისთვის, ჯალალ ად დინი და უმოწყალო დამპყრობელი ვარ. რადგან საკუთარი სისხლით შევიღებე ხელები, საკუთარი ტახტები მოვისროლე სანაგვეზე და საკუთარი მონები ვათავისუფლე, და მე უარი ვთქვი მეფობაზე, მარიონეტ ქვეშევრდომებზე და ილუზიურ სამფლობელოზე. შენ კი მოგიწევს დაფიქრება, განა მას, ვინც საკუთარი თავი არ დაინდო, შეუძლია შენი დანდობა? რადგამ მე მეომარი ვარ.. გულწრფელი მეომარი კი არ იქვემდებარებს, არამედ ითანასწორებს, გულწრფელი მეომარი არ იძინებს, რადგან ბრძოლის ველზე სიფხიზლეა საჭირო. გულწრფელი მეომარი პირველ რიგში საკუთარ დემონებს ამარცხებს, გულწრფელი მეომარი საკუთარ ტახტს ტოვებს და მუხლს იყრის სიყვარულის წინაშე, თავმდაბალია და უჩინარი არ ეძიებს დიდებას და არ ეშინია დამარცხების. მე არ გეკითხები გინდა თუ არა ამ გველეშაპმა შეგჭამოს, რომელსაც შენი ტახტი მოჰყავს წონასწორობაში. შენ ხომ სამეფოს გამო გველეშაპებს ნაწილ-ნაწილ უყრი ადამიანის ფეხებსა და თითებს, ძვლებს და ორგანოებს. შენ შენს გველეშაპებს ხორცს აჩვევ და ვერც კი ამჩნევ, რომ საბოლოო საუზმე თავად გახდები. მე კი მეომარი ვარ და არ გეკითხები გინდა თუ არა ამ გველეშაპმა შეგჭამოს. რადგან მეომარი ვარ და გულწრფელი მებრძოლი, არ დავათრევ დამქაშებს და არ ვაწყობ ზეიმებს, ჩემს გმირობათა სადიდებლად, ჩასაფრებული ველი ყველა გველეშაპს, რომელიც ჩემგან ან შენგან ამოიზრდება და სათითაოდ ვაჭრი თავებს სიმართლის მახვილით. რადგან მებრძოლი ვარ და მიუკერძოებელი მოსამართლე, რადგან სიცოცხლისთვის ვიბრძვი და ნამდვილობისთვის, რადგან საკუთარ სისხლში მაქვს გასვრილი ხელები და იქამდე სანამ შენს სამეფოს შევუტევდი, საკუთარ სამეფოებს ვუღებ-მეთქი ბოლოს, საკუთარ მონებს ვათავისუფლებ და საკუთარ დაჩირქებულ ნაწილებს ვიჭრი შიშველი ხელებით. შენ კი მოგიწევს დაფიქრება, განა მას, ვინც საკუთარი ტახტი არ დაინდო, შეუძლია კი შენი სამეფოს დანდობა? (თამთა დიდებაშვილი)
0