მამბავი (1)

0
ანტიოქიის პატრიარქმა მაკარი ანტიოქიელმა 1664-1666 წლები საქართველოში გაატარა. 1665 წელს, წალენჯიხის მონასტერში ყოფნისას, მან დაწერა თხზულება, რომელსაც, პირობითად, "ცნობები საქართველოს შესახებ" უწოდეს (არაბულიდან თარგმნა თინა მარგველაშვილმა). მიუხედავად გარკვეული უზუსტობებისა, მაკარის "ცნობებს" ისტორიული ღირებულებაც გააჩნია, რადგან თავად იყო აღწერილი ამბების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი. თხზულებაში მოკლედაა გადმოცემული ქართველთა "მესიის სჯულზე მოქცევის" ისტორია, ანტიოქიის პატრიარქისაგან განდგომისა და დამოუკიდებლობის მოპოვების ამბები, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის ეპიზოდებია, სადაც მაკარი ქართველთა კარგ და ცუდ თვისებებს განიხილავს. იგი ძალიან მკაცრად აღწერს და აკრიტიკებს იმ პერიოდში ქართველთა მიერ ერთმანეთის ტაცებას, ადამიანებით ვაჭრობასა და "შინაურ ომებს". ერთგან წერს - "ჩვენ ვნახეთ, როგორ გაყიდა მარტო ერთ წელიწადში მოქვის ეპარქიის ეპისკოპოსმა, სახელად ანდრიამ, თავისი სამწყსოს სამოცი კაცი.ოცდასამი გაყიდა ქობულეთის ნავსადგურში, გურიის ქვეყანაში რომაა, დანარჩენი კი, ყველანი ერთად, შავი ზღვის სხვა ნავსადგურში. ეს წყეული მოვკვეთე, გადავაყენე და ეპისკოპოსად ახალი, ღირსეული კაცი ვაკურთხე". "ყოველ ეპისკოპოსსა და წინამძღვარს ქრისტიანთა რამდენიმე კომლი ჰყავს. ესენი საეპისკოპოსოსა და მონასტრის საკუთრებას შეადგენენ და არავის, მეფესაც კი, მათზე არავითარი ძალაუფლება არა აქვს. ეპისკოპოსი და წინამძღვარი იმას სჩადიან, რაც მოეპრიანებათ". მაკარი ასევე ამბობს, რომ ქართული მიწა მდიდარია, მაგრამ ქართველებმა ხელობაც მიატოვეს და მეურნეობაც. ნოყიერ მიწაზე კარგად იზრდება სელი, თუთის ხე აბრეშუმის ჭიისათვის, ხარობს კანაფი, ბროწეულისხელა ნივრები, თუთუნი, ხახვი... "ქართველები რომ სხვა ხალხებივით შრომობდნენ და ყიდდნენ თავიანთი გარჯის ნაყოფს იმ გემებით, რომლებიც შემოადის შავი ზღვითა და დიდი მდინარეებით, ისინი ნამდვილად გამდიდრდებიან". თხზულების მოზრდილი თავი ეთმობა "ქართველთა კეთილ და სანაქებო თვისებებს, მათ საამაყო საქმეებს". აქ მაკარი ამბობს, რომ ქართველი თავადების ცოლებმა შესანიშნავად იციან წერა-კითხვა. მაკარი აღწერს ასევე ქართულ ანბანს და წერს, რომ იგი "ორი ხელისაა" - "ხუცური" წმინდა წიგნების საწერად (36 ასო) და "მხედრული" წერილებისა და ბარათების საწერად (35 ასო). მაკარის ხიბლავს ქართველთა საუბარი და განათლება და ის, რომ ქვეყანას არ ტოვებენ და თავის ადგილზე ყოფნით კმაყოფილდებიან. მოსწონს, რომ ღვთისმოშიშები არიან, არ იგინებიან და კიდევ მრავალი რამ. თუმცა აქ ძალიან უცნაურ აბზაცსაც გადავაწყდი, სადაც მაკარი სანაქებო და კეთილ თვისებებს აკუთვნებს თავს დატეხილი უბედურებების ფონზე (რბევის, დატყვევების, ეპისკოპოსებისა და მღვდლების მიერ ბავშვების გაყიდვას მშობლების თვალწინ) ქართველთა უდრტვინველობასა და ამბოხის გარეშე ამტანობას. ცოტა უცნაურია, თუმცა რას გაიგებ, მეჩვიდმეტე საუკუნეა. :დ
#books
#translate
#ისტორია
#რელიგია
#საქართველო
#წყარო
#არაბული
#თარგმანი
#ამბავი
#ტრადიცია
0