ზიარების უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი აღივსებიან მადლით

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141865 ზიარების უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში არის აღნიშნული. პატრიარქი ეპისტოლეში ზიარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ტაძარი როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ღვთის მეუფების ქადაგებისა; ქრისტეს ეკლესია კი, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია; ეს ერთი მთლიანობაა, რომლის თავიც თვით უფალია. აქ აღსრულებული ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა; უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიც ყოველ ლიტურგიაზე ამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი, – წმინდა ზიარებით. ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო თვით მაცხოვარმა დაგვიდგინა ვნების ხუთშაბათს. წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად. მისი უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს. მისი წინა სახე ძველ აღთქმაში იყო ზეციური მანანა. როგორც ცნობილია, იგი ებრაელთა ერს, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, რწმენაში განსამტკიცებლად ღვთისგან საკვებად ყოველდღიურად ეძლეოდა, რომ არ ყოფილიყო ზეციური მანანა, 40 წლის მანძილზე ყამირ და მოუსავლიან გზებზე მავალიამდენი ხალხი ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა. როგორც მანანას გარეშე რჩეული ერი წმინდა მიწამდე ვერ მიაღწევდა და იქ ვერ დაემკვიდრებოდა, ასევე აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს და ვერ დაიმკვიდრებს, რადგან ცოდვასა და სიკვდილს მარტო ვერ სძლევს და ვერც მარადიული სიცოცხლის ნეტარებით აღივსება“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
0