მამბავი (2)

0
რამდენიმე თვის წინ, როცა მაჰმუდ დარვიშის ლექსს ვთარგმნიდი, ერთ-ერთ სტრიქონში ავტორი წერდა - "მე შენი ღამის ხარუბს დავლევ და დავიძინებ"... წარმოდგენა არ მქონდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ხარუბი (خروب). არაბულ-ინგლისურმა ლექსიკონმა ეს სიტყვა თარგმნა, როგორც Carob. არც ეს მნიშვნელობა იყო ჩემთვის გასაგები, ამიტომ გუგლს მივაკითხე. აღმოჩნდა, რომ "ხარუბი" მცენარეა, რომელსაც ძალიან ხშირად ვხედავი ჩემს სოფელში და დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც ნაცნობია. ამ ხეს ქართულად ხან კარობს ეძახიან, ხან კერობს, ხან ნახშირის ხეს, თუმცა მისი სახელწოდება კერატია. ამ მცენარის ნაყოფის მარცვლები თანაბარი ზომისაა, რის გამოც მას გამოიყენებდნენ ძვირფასი ქვებისა და ოქროს წონის საზომად. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მცენარის გამო დამკვიდრდა ძვირფასი ქვების მასის საზომ ერთეულად "კარატი". სულხან-საბა ორბელიანი კერატის ნაყოფს ლობიოს ადარებს და მას "რქას" უწოდებს. ძველქართულ სამედიცინო წყაროებშიც ეს მცენარე ნახსენებია, როგორც "რქა", "რქისხე" (გამოიყენებდნენ მუცლის ტკივილის დასაამებლად). კერატის ხე განსაკუთრებითაა გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. საქართველოში იგი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება/ოდა აფხაზეთში. კერატის ნაყოფი ტკბილია. დაფქვის შედეგად მიღებული ფხვნილი მოტკბოა და კაკაოსავით არომატული. მას შოკოლადის ჩამნაცვლებლადაც იყენებენ და საკმაოდ პოპულარული პროდუქტია თანამედროვე კულინარიაში. როგორც აღმოჩნდა, ეგვიპტეში ფართოდ ყოფილა გავრცელებული კერატის ნაყოფისაგან დამზადებული ტკბილი სასმელი, რომელსაც წყალს ურევენ ხოლმე გასაზავებლად. ეჭვგარეშეა, რომ მაჰმუდ დარვიშიც სწორედ ამ ხარუბს გულისხმობდა. დაბოლოს, მათეს სახარებაში ვკითხულობთ - „ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი”. ზოგიერთის მოსაზრებით, იოანე ნათლისმცემელი სწორედ კერატის ნაყოფით იკვებებოდა, რომლის სანაყოფე პარკები კალიების მსგავსია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება, მხოლოდ და მხოლოდ, ვარაუდია.
#წიგნები
#თარგმნა
#არაბული
#სიტყვები
#ამბავი
#ახალი
#ინფორმაცია
#საინტერესო
#opinion
#photo
#მცენარე #ბოტანიკა #მედიცინა #ლექსიკონი
0