მამბავი (4)

0
ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რომ ყავა განსაკუთრებულად მიყვარს. გემოებით თამაში და მაიმუნობები ძალიან მომწონს და ხან რას ვაყრი ხოლმე ამ ჩემს ყავას და ხან - რას. ჰოდა, ამაზე გამახსენდა. კაიროში რომ ვცხოვრობდი, იქაურმა მეგობარმა მითხრა, რომ კაიროს ცნობილ ყავახანაში წამიყვანდა და უგემრიელეს ყავას გამასინჯებდა. რა თქმა უნდა, გავყევი. პატარა ყავახანა იყო. სხვადასხვა ფერის ყავის მარცვლები ეყარა კედელზე ჩამოკიდებულ ქილებში. ყველა ქილას ეწერა, რომელი ქვეყნის მოსავალიც იყო. ცალკე ეწყო დარიჩინით, თხილითა და სხვა უცნაური მცენარეებით სავსე პატარა ყუთები, დანამატისათვის. ყველაზე მეტად საშუალო სიმსუბუქის ხსნადი ყავა მომწონდა, დაფქული თხილის არომატით. არომატი კი ნამდვილად საოცარი იყო. სხვადასხვა ყავის სურნელი ისე ირეოდა ერთმანეთში, როგორც კი ყავახანაში შედგამდი ფეხს, თავი რომელიღაც ჯადოსნურ ქვეყანაში გეგონებოდა. არომატს ქუჩის კუთხეშიც კი გრძნობდი და უკვე ზუსტად იცოდი, რომ სწორ ადგილას მიდიოდი. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ ადგილზე. ხშირად მენატრება ხოლმე ეგ ყავახანა. წეღან მიხაკ-დარიჩინი ჩავყარე ჩემს ყავის ფინჯანში. დიდი ვერაფერი. ჰოდა, დავსევდიანდი :დ ზუსტად ვიცი, რომ კაიროში აუცილებლად დავბრუნდები. არა პირამიდების, არა მუზეუმების ხათრით, არამედ პაწაწინა ყავახანების, ქაოსური ბაზრების, ქოშარის, სირიული შაურმისა და უგემრიელესი ყავის გამო. პანდემია და კარანტინი მალე დასრულდება, მანამდე კი თითებს ვაჯვარედინებ და საკუთარ თავს პაწაწინა სურვილებს ჩავუთქვამ ?
#ამბავი
#ისტორია
#ყავა
#კაირო
#ეგვიპტე
#ყავახანა
#თავგადასავალი
#მოგზაურობა
#არომატი
0