ეკონომიკური მდგომარეობა გორში

0
დღეს აღდგომის დღესასწაულია, ხოლო გასულ ღამეს, ისე როგორც საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ტაძარში სააღდგომო ლიტურგია აღესრულა, ლიტანიობით და ღამის თევით. ასე მოხდა გორშიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს აღდგომა წინა წლების სააღდგომო დღესასწაულებისგან, კონტექსტით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ქვეყანაში, თითქმის ერთი თვეა რაც საგანგებო მდგომარეობაა, თითქმის ერთი თვეა ქართული საზოგადოება, აკრძალვების, შეზღუდვების და უჩვეულო სიფრთხილის რეჟიმში ცხოვრობს. ეს ყოველივე კი მსოფლიოში გამოცხადებული SARS ვირუსის, ახალი COVID-19 -სგან მომდინარე საფრთხის და პანდემიის გამოა. ვირუსის, რომელზეც მსოფლიომ ცოტა იცის, თუმცა ბევრი მისგან გამოწვეული საფრთხის, ეკონომიკური ზიანის და იმის თუ როგორ გააჩერა ლამის მთელი მსოფლიოს ჩვეული ცხოვრება. ცხოვრების ჩვეული რიტმი და ეკონომიკური ცხოვრება ფაქტიურად გაჩერდა საქართველოშიც.  ეკონომიკის გაჩერება, ეკონომიკურად ისედაც განუვითარებელ და ღარიბი ქვეყნისთვის ბევრად მტკივნეულია, ვიდრე განვითარებული ეკონომიკის მქონეთათვის, ან ისეთი მძლავრი ორგანიზაციის წევრებისთვის, როგორიცაა ევროკავშირი. შეიძლება იკითხოთ, თუ რატომ ვახსენეთ აღდგომა და მასთან ერთად სააღდგომო ლიტურგია. საქმე ისაა, რომ რჩებოდა შთაბეჭდილება, ხელისუფლების გადაწყვეტილება რეგულაციების გამკაცრების შესახებ, პარალელურ რეჟიმში ხდებოდა საპატრიარქოსთან მიმდინარე მოლაპარაკებასთან, როდესაც ვერ მოხერხდა შეთანხმება, ტაძრების დაკეტვის, ზიარების წესის შეცვლის ან/და ჯვარზე მთხვევის დროებით შეზღუდვის შესახებ. ხელისუფლებამ, ტაძრებში ვერ აღასრულა დაწესებულ რეგულაციები (მაგალითად დაჯარიმება), ხოლო საპატრიარქო უარს აცხადებდა ვირუსის გამო ღვთისმსახურების წესების შეცვლაზე. სამწუხაროდ, კი ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტად ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა. დაზარალდნენ ის მოქალაქეები რომლებიც ისედაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებოდნენ და რამდენად დიდია ეს ზარალი ჩვენ მთლიანი სურათის დანახვა ჯერ კიდევ არ შეგვიძლია. ასეთივე მძიმე სურათია გორის სინამდვილეშიც. ქალაქში გაჩერებულია, ფაქტიურად ყველაფერი; სილამაზის სალონები, ბარები, კაფეები, რესტორნები, ტანსაცმლის, საოჯახო თუ ალკოჰოლური მაღაზიები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დასაქმებული იყო და შემოსავალი პირდაპირ აისახებოდა მათ ყოველდღიურ სამუშაოს მოცულობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ვესაუბრეთ, ერთ ერთი სილამაზის სალონის თანამშრომელს თამარ სოსიაშვილის: „ვარ შემოსავლის გარეშე დარჩენილი, მეწურება დანაზოგი და ამავედროს ვარ ქირით და თუ ასე გაგრძელდა არ ვიცი რას ვიზამ“. მისივე განცხადებით, პრობლემა შეექმნა იმ ბიზნესს, რომლის წამოწყებასაც აპირებდა და ამისთვის სამზადისი დაწყებული ჰქონდა, თუმცა ახლა გაჩერებულია: „ახლა ვიწყებდი ბიზნეს, თუ აქამდე ვფიქრობდი და დაგეგმილი მქონდა, რომ ბიზნესის გამართვისთვის დამჭირდებოდა 2-3 თვე, ახლა ილუზია აღარ მაქვს და ალბათ წელიწადი ან წელიწად-ნახევარი დამჭირდება. ამავედროს გაძვირდა ყველაფერი, მაში როდესაც დასამთავრებელი მაქვს ფართის სარემონტო სამუშაოები.“ - აცხადებს თამარ სოსიაშვილი. როგორც ხედავთ, პანდემიასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები, იმ გაურკვევლობამაც შეუქმნა, რომელიც გამოიწვია საპატრიარქოს მხრიდან რადიკალურმა პოზიციამ არ გაეთვალისწინებინათ ექიმების, თეოლოგების თუ ხელისუფლების მოწოდება ან თხოვნა, დროებით შეეცვალათ ლიტურგიული წესები, რათა შემცირებულიყო დავირუსების ის მასშტაბები რომელიც თუნდაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. დღევანდელი დღის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 394-ა, აქედან 86 გამოჯანმრთელებული, ხოლო 4 გარდაცვალების ფაქტია.
#კორონავირუსი
#გორი
#გორისადაატენისეპარქია
#შიდაქართლი
#რეგულაციები
#ეკონომიკა
#goridaily
0