როგორ იქმნებოდა პირველი ქართული სკოლა ბათუმში - ნაწილი I

0
1878 წლის ივნისში თბილისში შერიფ - ბეგ ხიმშიაშვილი სტეფანე მელიქიშვილის ოჯახში ჩადის, სადაც სადილზე, რომელსაც მოწინავე საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ, ამბობს : „კაი იქნება ბატონებო, რო აჭარლებიც ქართველებთან იყვნენ შეერთებული, მაგრამ თუ აგი არ იქნება განათლებაი ეჭირვება ბატონო იმათ, ამდენი ახალგაზრდა კაცები ხართ, განათლებულები გაიცანით, ზოგი აქ მოიყვანეთ, სკოლა გამართედ, ასწავლეთო“. შერიფ - ბეგის სიტყვები გულთან ახლოს სუფრის წევრებმა მიიტანეს, მით უმეტეს, ისინი თავადაც დაინტერესებულნი იყვნენ ბათუმში პირველი ქართული სკოლის დაარსებით. მალევე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იდეის გასახორციელებლად მუშაობას იწყებს. ამ მიზნით ბათუმს არაერთხელ ეწვივნენ თანამედროვე პუბლიცისტები და მწერალები. მათ შორის იყვნენ სერგეი მესხი და ილია ჭავჭავაძეც. ადგილობრივი ხელისუფლება დიდ წინააღმდეგობას უწევდა წარჩინებულებს, თუმცა ამის მიუხედავად, წერა - კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიაღწია დასახულ მიზანს. პირველი სკოლის ეროვნულ მნიშვნელობასა და საჭიროებაზე იმდროინდელ პრესაში უამრავი რამ იწერებოდა. 1880 წელს გაზეთ „დროებაში“ ვკითხულობთ, რომ „ამ სკოლამ თავიდანვე, პატარაობიდანვე უნდა ჩაუნერგოს აქაურ მცხოვრებლებს გულში, რომ ისინი და ჩვენ ერთი მიწის შვილნი ვართ. ჩვენც და ისინიც ისტორიულ ბედთან ვართ დაკავშირებულნი, რომ ჩვენ ერთი დედაენა გვაქვს, ერთი სამშობლო, ერთი ზნე, ერთი ხასიათი“. მოწინავე ქართული ინტელიგენცია ნათლად ხედავდა ქართული სკოლის დაარსების სოციო - პოლიტიკურ მნიშვნელობას. აცნობიერებდნენ რა, რომ მათ დიდი სამუშაო ელოდათ წინ, რათა აჭარის მოსახლეობაში ეროვნული იდენტობა შენარჩუნებულიყო, წევრებმა საჩქაროდ დაიწყეს სახლის ძიება, რომელიც მანამ გადაკეთდებოდა საგანმანათლებლო კერად, ვიდრე სკოლას საკუთარი შენობა ექნებოდა. ბევრი ძიების შემდეგ, გადაწყდა, რომ სკოლა გაიხსნებოდა დღევანდელი საბაგიროს ტერიტორიაზე. წარჩინებულებმა წელიწადში 240 მანეთად დაიქირავეს ვინმე „ გამბაროღლის “ კერძო, სამ ოთახიანი სახლი ეზოთი. გამბაროღლის ბეს სახით 50 მანეთი.
დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შემდეგ, 1881 წლის 12 მარტს ბათუმელები ისტორიული მოვლენის მომსწრენი გახდნენ - ქალაქში პირველი ქართული სკოლის ზარი დაირეკა. „ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის ქართულ სკოლის“ გახსნაზე ჩამოვიდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც სიტყვის წარმოთქმისას ხაზი გაუსვა შემწყნარებლობის მნიშვნელობას: „დიდი სიფრთხილით და მოხერხებით არის საჭირო მუსლიმანებს შორის მუშაობა. გახსოვდეთ, რომ ქართველი მუსლიმანები, ჩვენი ძმები, მეტად ნიჭიერი, დინჯი, დაკვირვებული და ზრდილობიანი ხალხია, იხმარეთ ყოველი ღონე, რათა მათი ნდობა და სიყვარული დაიმსახუროთ”. აღსანიშნავია, რომ პირველივე მიღებაზე სკოლაში ჩარიცხული 30 მოსწავლედან 11 მართლმადიდებელი, 6 კათოლიკე, ხოლო 13 მაჰმადიანი იყო, რომელთა შორის ერთ - ერთი ხუსეინ აბაშიძის ქალიშვილი - უფლიე აბაშიძე გახლდათ. მაჰმადიანური აღმსარებლობა ქალებისთვის განათლების მიღებას ეწინააღმდეგებოდა, უფლიეს გადაწყვეტილება კი, თამამ ნაბიჯად ჩაითვალა.
მოკლე დროში სკოლამ დიდი პატივისცემა ადგილობრივ მოსახლეობაში. იგი მაშინდელი საზოგადოების მოწინავე წარმომადგენელთა ბიოგრაფიის ნაწილი გახდა. პირველი ქართული სკოლის დაარსებით დაიწყო აჭარაში ეროვნულ - საგანმანათლებლო ტრადიციების აღდგენა. „განზრახვა, რომელმაც გამოიწვია ამ სკოლის დაფუძნება მდგომარეობდა იმაში, რომ ახლადშემოერთებულ მაჰმადიან ქართველთა შვილები მოეზიდნა, პირველდაწყებითი განათლება მიეცა მათთვის, გაემართნა ქართულ წერა - კითხვაში, მათის შუამავლობით შემდეგში გაევრცელებინა აჭარა - ქობულეთში ქართული წიგნის ცოდნა და ამ გზით განეახლებინა კავშირი ღვიძლ ძმათა შორის, რომელნიც ულმობელმა ბედმა ერთმანეთს გაჰყარა ათასის წლის ძმურის ისტორიული ცხოვრებისა და ერთად მოქმედების შემდეგ „ - წერდა იაკობ გოგებაშვილი. სკოლის პირველ გამგედ, 4 წლის ვადით აირჩიეს პეტერბურგის სამედიცინო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი, ალექსანდრე ნანეიშვილი, რომელიც „ხალხოსნურ მოძრაობაში“ მონაწილეობის გამო აკადემიიდან გარიცხეს. ალექსანდრე 24 წლის ასაკში ასწავლიდა არითმეტიკას, ქართულს, საღვთო რჯულსა და სუფთა წერას. გაზეთ დროებაში „ნალის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს, ის საკმაოდ ცნობილი პუბლიცისტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ნანეიშვილი თავად ილია ჭავჭავაძემ დამოძღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პედაგოგი. მას შემდეგ სკოლას ხელმძღვანელობდა მოსე ნათაძე, რომლის დროსაც სკოლას სამჯერ მეტი მოსწავლე ჰყავდა. იმ პერიოდისთვის სკოლაში ისწავლებოდა სავალდებულო საგნები : საღვთო სჯული, ღვთისმეტყველება, ძველი და ახალი აღთქმა, ფილოსოფია, მათემატიკა, ალგებრა, გეომეტრია. გრიგოლ ვოლსკი (1888 წ) აღნიშნავს, რომ „ბათუმს ყავს შესანიშნავი, ენერგიული, პატრიოტი ოსტატი“. სამწუხაროდ, მოსე ნათაძე დაავადდა ჭლექით და გარდაიცვალა 1891 წლის იანვარში. საზოგადოებაში ამან დიდი მწუხარება გამოიწვია, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ შესაძლო იყო მოსე ნათაძის გარდაცვალებასთან ერთად სკოლაც დახურულიყო. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ბათუმი
#ბათუმისპირველისკოლა
#batumidaily
0