კორონავირუსი, ხანძარი, კატასტროფა, მიწისძვრა - 2020 წელს უკვე მომხდარი მოვლენები

0
2020 წლის 1 იანვარს და შესაბამისად ახალი დეკადის დადგომას, მსოფლიო მოსახლეობა ოპტიმიზმით შეხვდა, რომ მომდევნო ათწლეული კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობებითა და პროგრესით იქნებოდა დატვირთული. სამწუხაროდ, მიმდინარე წლის პირველი კვარტალი (მეოთხედი), გლობალური მასშტაბით, უარყოფითი მოვლენებით არის დატვირთული. ასეთი სამწუხარო ამბებიდან ყველაზე მნიშვნელოვანს კი რა თქმა უნდა არსებული კორონავირუსული პანდემია წარმოადგენს. გარდა ამისა, 2020 წლის დასაწყისიდან მსოფლიომ უკვე ნახა ავსტრალიის ხანძარი, აშშ-ირანის განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობები და მასთან ბმაში მყოფი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფა, მიწისძვრები თურქეთსა და კარიბის რეგიონში, კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაინტის დაღუპვა და ა.შ. ზემოხსენებული თემიდან გამომდინარე სტატიაში მიმოხილულია რამდენიმე სამწუხარო ამბავი, რომელიც 2020 წელს მოხდა (ან მიმდინარეობს). კორონავირუსული პანდემია - 2020 წლის ცენტრალური მოვლენა რა თქმა უნდა COVID-19, მის გამო დაღუპული ათასობით ადამიანი და მსოფლიო ეკონომიკის მასშტაბური შეფერხებაა. ვირუსი თავდაპირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უჰანში გავრცელდა. დაავადების სწრაფმა გავრცელებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აიძულა გლობალური პანდემია 11 მარტს გამოეცხადებინა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 2 350 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 161 200-ზე მეტია. სპეციალისტების მოსაზრებით, მანამდე არსებულ ვირუსებთან შედარებით, კორონავირუსის სიკვდილიანობა დაბალია, მაგრამ მისი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ უსწრაფესად ვრცელდება და ჯანმრთელობის განსაკუთრებულ პრობლემებს ასაკოვან და დაბალი იმუნური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უქმნის. გარდა ამისა, კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და მისი ზემოქმედება სავარაუდოდ დიდხანს აისახება რიგითი ადამიანების ცხოვრებაზე. მსგავსი ტიპის კრიზისი უკანასკნელად ე.წ. დიდი დეპრესიის პერიოდში იყო, რომელიც უკანასკნელ, მასიურ ეკონომიკურ ვარდნად არის დასახელებული. ის დაიწყო 1929 წელს და დაახლოებით 10 წლის მანძილზე გრძელდებოდა. აღნიშნულმა გამოიწვია ბანკების გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა ვარდნის და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა. ავსტრალიის ხანძარი - 2019-2020 წლების ხანძრის სეზონი, ცნობილი, როგორც „შავი ზაფხული“, დაიწყო 2019 წლის ივნისში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ცეცხლის რამდენიმე მნიშვლეოვანი კერის გაჩენით. ხანძრის პიკი კი დეკემბერსა და იანვარში იყო. ავსტრალიის კონტინენტის ნახევარი მოსახლეობა, პირდაპირ თუ ირიბად დააზარალა ხანძარმა, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხით. დაიწვა ათასობით შენობა და მილიონობით ჰექტარი მიწა და დაიღუპა ასეულობით ადამიანი. ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა - იანვარში, აშშ-სა და ირანს შორის განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობები, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების კუთვნილი სამხედრო დრონით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ყუდსის დანაყოფის ლიდერის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია განხორციელდა. აღნიშნულს ოფიციალური თეირანის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვა და მათ „უნებლიედ“, ირანის ცაზე მფრინავი უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანული მხარის მტკიცებით, მათი რეალური სამიზნე ერაყის ბაზებზე დისლოცირებული ამერიკის შეიარაღებული ძალები იყვნენ. კობი ბრაიანტის დაღუპვა - 2020 წლის 26 იანვარს, 41 წლის ასაკში დაიღუპა NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კობი ბრაიანტი. იგი 13 წლის ქალიშვილთან ერთად მგზავრობდა ვერტმფრენით, როდესაც საჰაერო ტრანსპორტმა კატასტროფა განიცადა. მიწისძვრა თურქეთსა და კარიბის რეგიონში - 24 იანვარს, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ მძლავრ მიწისძვრას 41 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1600 დაშავდა. 6, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ელაზიგის პროვინციაში მოხდა, რასაც სულ მცირე 10 შენობის ნგრევა მოჰყვა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ პროვინციებში - დიარბაქირში, მალათიაში, ადიამანში, ასევე მეზობელ სახელმწიფოებში - სომხეთში, სირიაში და ირანში. ბუნებრივი კატასტროფის შედეგად 1607 ადამიანი გადაიყვანეს კლინიკებში. 28 იანვარს, 7, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ცენტრალურ ამერიკაში, კარიბის რეგიონში. განსაკუთრებული ზარალი მიადგა იამაიკას, კაიმანის კუნძულებს და კუბას. 1946 წლის შემდეგ, ის დაფიქსირდა მომხდარ, ყველაზე მძლავ მიწისძვრად. კალიების გავრცელება აფრიკის აღმოსავლეთში - მილიარდობით კალია გავრცელდა აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიის ნაწილებში მარტის თვეში, რამაც დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა მილიონობით ადამიანის საკვები მარაგები. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (Food and Agricultural Organization) განცხადებით, ზემოხსენებულ მოვლენას შესაძლოა 25 მლნ. ადამიანის კვებაზე მოეხდინა გავლენა. მსგავსი მოვლენა დიდი ხნის მანძილზე არავის ახსოვს.
#2020
#Crisis
#Disaster
#Observation
#headline
#world
0