ერთიანია საქართველო Covid-19-თან ბრძოლაში ?

0
სანამ დავიწყებთ მსჯელობას იმის შესახებ, არის თუ არა ერთიანი საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, გავიხსენოთ ბოლო ათწლეულში განვითარებული მოვლენები. საქართველო (თუ არ ჩავთვლით 1918-1921 წლებს) როგორც სახელმწიფო სულ რამდენიმე ათწლეულია რაც არსებობს. ამ პერიოდში არჩევნების გზით მხოლოდ ერთი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში. იქამდე იყო გადატრიალებები, აჯანყებები და ვარდების რევოლუცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია და შედეგადაც დაქსაქსული და პოლარიზებული საზოგადოება მივიღეთ. საყოველთაო კეთილდღეობისათვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო, არასამთავრობო სექტორი, თვითმმართველობა, მედია, პროფკავშირები თუ სხვა ინსტიტუტები, თუმცა ამის ნაცვლად, ქვეყანაში კონკრეტულ სუბიექტებს აქვთ გადანაწილებული ინსტიტუტების მართვა და ყველგან საკუთარ ნარატივს ავრცელებენ. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ნელ-ნელა ჩაიკეტა საზღვრები, დაწესდა რეგულაციები, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდანტის საათი, თუმცა ვერაფერი მოუხერხდა პოლარიზებულ საზოგადოებას და დაქსაქსულ ინსტიტუტებს. ყველა სფერო ცდილობდა, საკუთარი არგუმენტი გაეხადა ლეგიტიმური, ახლა კი დეტალურად განვიხილოთ ეს პროცესები. ლოზუნგმა
#დარჩისახლში
პირველ რიგში ბიზნეს სექტორს დაარტყა, რადგან საზოგადოებრივი მიმოსვლის გარეშე შეუძლებელია იარსებოს მოგებაზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ. კერძო პირებმა დანაკარგის პრობლემა თანამშრომლების დათხოვნით აღმოფხვრეს, ზოგს ამანაც არ უშველა და საერთოდ დაიხურა. ბიზნესის მეორე მხარეა ის ქსელური დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას თუ სხვა ინიციატივებს ამოეფარნენ და უხეშად არღვევდნენ თანამშრომლების უფლებებს, მაგალითად მოვიყვან ყველასათვის ცნობილ "სპარს", რომელიც კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ 21:00-06:00 მდე თანამშრომლებს მაღაზიაში, კერძოდ სარდაფში ტოვებდა. ბიზნესის სხვადასხვა სფეროებმა შეიმუშავეს ე.წ ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა საბოლოო ხელწერა ყველგან ერთი იყო. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბიზნეს სექტორს გადასახადების დაწევით თუ სხვა ინვესტიციებით, თუმცა საინტერესოა, როგორ შეძლებს ამას სახელმწიფოს შეზღუდული ბიუჯეტი, როდესაც კერძო პირებმა ამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, რითაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავეს, აქედან გამომდინარე ახლა სწორედ ეს მოწყვლადი ჯგუფი საჭიროებს ყველაზე დიდ დახმარებას. ქვეყანაში არსებული მუდმივი პარტიული დავა არც კორონავირუსს ჩამორჩა. ოპოზიციური პარტიები ხშირად აკრიტიკებდნენ მთავრობას. ხელისუფლება გარკვეული ოპოზიციის არგუმენტებს ითვალისწინებდა, ხოლო ზოგჯერ მათ გამოსვლას, მაგალითად გიორგი ვაშაძის მოთხოვნას სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პიარსა და აბსურდს აწერდა. ამის საპირწონედ ოპოზიციური პარტიები, აკრძალვის მიღმა ითხოვდნენ რეგულაციების შედეგად მიღებული კრიზისის მოკლე და გრძელვადიან გეგმას, რაც ჯერ-ჯერობით არ აქვს ხელისუფლებას შემუშავებული, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან განცხადებაში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ასეთ დროს, ყველა ვალდებულია მიიღოს თანამოქალაქეთა კეთილდღეობაში მონაწილეობა, ხოლო ვინც ამას არ შეასრულებს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება იმ არგუმენტს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ახლა პირველ ადგილზეა, თუმცა ამ სფეროშიც კი განვითარდა სხვადასხვა ტიპის დავები. პირველ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყოველი მეორე ეპიდემიოლოგია და თამამად აკრიტიკებდნენ პაატა იმნაძეს, თუმცა მათი არგუმენტები ეპიდემიოლოგის წინააღმდეგ სუსტი აღმოჩნდა. ამ ფაქტორმა სხვადასხვა ცვლადები შემოიტანა და გაჟღერდა აქამდე დამალული ისტორიები, მაგალითად იმნაძე-სააკაშვილის კონფლიქტის შესახებ. ცალკე აღნიშვნის ღირსია საპატრიარქოს მოქმედებების სერია. სეკულარულ სახელმწიფოში გაფორმებული კონკორდატი საპატრიარქოს საკმაოდ დიდ პრივილეგიებს აძლევს, ამიტომ მათთან დაპირისპირებას სახელისუფლებო პარტიები ყველა დროში ერიდებოდნენ. კორონავირუსთან ბრძოლის გამო დაწესებული რეგულაციები საპატრიარქოს მხოლოდ ირიბად შეეხო. არ შეცვლილა ზიარებისა და საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრის წესი, მრევლი მხოლოდ დისტანციას იცავდა, ისიც ყოველთვის ვერ ხერხდებოდა ხალხმრავლობის გამო. წინასააღდგომოდ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილება. აქედან გამომდინარე შეიქმნა ფონი, თითქოს ეს რეგულაცია აღდგომის დღესასწაულზე ხალხმრავლობის პრევენციის მიზნით იყო მიღებული, თუმცა მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ეს შეზღუდვა არ ეხება. სახელმწიფომ ინდივიდს გადააბარა მთლიანი პასუხისმგებლობა და ეკლესიის პრივილეგირებულობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, ხოლო რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი ამას დროთა განმავლობაში ციფრები გვიჩვენებს. საერთო ჯამში COVID-19 გამოავლინა, რომ არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს და გათავისუფლდეს ვიწრო წრის კერძო ინტერესებისაგან, რადგან ზემოთ ხსენებული იწვევს პოლარიზაციას, ხოლო ერთიანობა შეუძლებელია ეკონომიკურად შემდგარი, განათლებული და ერთიანი საზოგადოების გარეშე.
#კორონავირუსი
#სახელმწიფო
#ერი
#ეპიდემია
#ოპოზიცია
#TbilisiDaily
0