ცოტა ავხორცი დალი 1

0
დალი სვანური ზეპირსიტყვიერების მიხედვით, ნადირობის ქალღმერთია.დალის გარეგნობა მის ღვთაებრივ წარმომავლობაზე მეტყველებს. იგი მაღალი, კარგი აგებულების მქონე ლამაზი ქალია და მისი მნახველები ყოველთვის მოხიბლულნი რჩებიან. კოჭებამდე სცემს ოქროსფერი თმები, რომლითაც მანათობელ შიშველ სხეულს იფარავს. მოგვიანებით, როცა დალის სახეში ეპიკური პერსონაჟის მახასიათებლები შევიდა, მის თმებს სასიცოცხლო ძალა მიეწერა. ამირანის თქმულებაში მონადირის ეჭვიანი ცოლი დალის ოქროს მაკრატლით აჭრის თმებს, რასაც ქალღმერთის სიკვდილი მოჰყვება. სწორედ რელიგიური ფუნქციის დაკარგვამ და ეპიკური ნიშნების მოჭარბებამ განაპირობა დალის `გამრავლება~. გვიანდელია წარმოდგენა, რომ დალი ერთი არაა, ისინი ბევრნი არიან, ჯგუფ-ჯგუფად ცხოვრობენ და ადვილად არ მოეჩვენებიან ადამიანს. დალის საცხოვრებელი ადგილი პიტალო კლდეებია, სადაც მხოლოდ მუხლმაგარ ჯიხვებს შეუძლიათ გავლა. იქამდე სახელოვანი მონადირეებიც კი ვერ აღწევენ დაუხმარებლად. ხალხში ამბობენ: `თუ დალმა დაგლოცა, ყველაფერში გაგიმართლებს, ბედნიერი იქნები, თუ დაგწყევლა, უბედური იქნები~. როგორც ღვთაებას, დალის გარდასახვის უნარიც აქვს. მონადირეს იგი ირმის, ჯიხვის ან თეთრი შუნის სახით ეცხადება. ქალის ანუ ანთროპომორფული სახით ადამიანს ხვდება მხოლოდ ჩაბნელებულ ადგილებში ან გამოქვაბულში. სვანეთში ლაჭბდანის თავზე კლდეზე ხვრელია, რომელსაც `დალის ფანჯარას~ ეძახიან, ცხენიანი კაცი გაეტევა. ხალხში ამბობენ, რომ დალი ფიზიკურად დიდია, ოქროსთმიანი, ოქროს თმა რომ არ ჰქონოდა, არაფრის ქმნა არ შეეძლებოდა. დედიშობილა დადიოდა, გამოქვაბულში დაბადებულა და იქ მომკვდარა. დალის სასიყვარულო კავშირი აქვს ადამიანთან, ის თვითონ არის ამ ურთიერთობის ინიციატორი. მარტო მიმავალ მონადირეს გზაზე უხვდება და სიყვარულს სთავაზობს. თუ უარი მიიღო, მონადირეს სიცოცხლე არ უწერია. ამიტომ იგი იძულებულია, დათანხმდეს. თუ ადამიანმა დალის ლაპარაკი გაუბა, მაშინ სამუდამოდ მის ტყვეობაში დარჩება. ვინც ეს იცის, უსიტყვოდ, ხელების მეშვეობით ესაუბრება ქალღმერთს და ევაჭრება ურთიერთობის ვადებზე. დალი ათივე თითს უჩვენებს, რაც ათ წელს ნიშნავს. მონადირე შეძლებისდაგვარად ამცირებს ამ ვადას და ერთ წლამდე დაჰყავს იგი. მიუხედავად დალის მიმზიდველობისა, ადამიანს ეშინია მის საყვარლად გახდომა, რადგან ეს მძიმე ტვირთია და, როგორც წესი, ტრაგიკულად მთავრდება. მონადირისა და დალის ურთიერთობა ტაბუირებულია. ჯერ ერთი, ეს არ უნდა გამჟღავნდეს, მეორე, მონადირეს ეკრძალება სხვა ქალთან ურთიერთობა, თუნდაც ის ცოლიანი იყოს. საჯიხვეებში მოსიარულე თეთრ მანგურს შემოაღამდა და გასათევად გამოქვაბულს მიმართა. იქ მას დალი შეხვდა, რომელმაც უთხრა: `მე ვერ გაგიშვებ, თუ საყვარლად არ გამიხდები~. მანგურმა სცადა უარის თქმა იმ მიზეზით, რომ ცოლშვილიანი იყო, მაგრამ ქალღმერთისთვის ეს არ იყო დაბრკოლება. მან უთხრა მანგურს: `ცოლ-შვილს ამით არა დაუშავდება რა, ოღონდ ეს ამბავი არსად გაამჟღავნო~. სანამ ადამიანი დალის სატრფოა, მას ნადირობაში იღბალი აქვს, მის ოჯახს ბარაქა არც იმის მერე აკლდება, თუ საყვარლები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.
#mithology
Tbilisi
Samegrelo-Zemo Svaneti
0