გააცანით ბავშვებს პეპი

0
თუ ბავშვობაში ვინმე მკითხავდა, რისი გაკეთება გიყვარს თავისუფალ დროსო, აუცილებლად ვპასუხობდი, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემს ოთახში მყუდროდ მოკალათება და საინტერესო წიგნების კითხვა. ვკითხულობდი აგათა კრისტის, ართურ კონან დოილის , ჟორჟ სიმენონის დეტექტივებს. მომწონდა მაინ რიდის, ჟიულ ვერნის საოცრებებით სავსე სამყარო, იაპონური და ქართული ზღაპრები. სხვა ბავშვებივით მეც ძალიან მიყვარდა ასტრიდ ლინდგრენის "კარლსონი", “ძმები ლომგულები”, “ყაჩაღის ასული რონია”... განსაკუთრებით, ალან მილნის “ვინი პუჰის თავგადასავალი”. ბაბუაჩემის უმდიდრესი ბიბლიოთეკა საშუალებას მაძლევდა , წამეკითხა ყველაფერი, რაც მომინდებოდა და წამეკითხა მაშინ, როცა მომინდებოდა. ვკითხულობდი ასე ხარბად და სულმოუთქმელად... და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, აღმოჩნდა, რომ არ ვიცოდი, ვინ იყო პეპი. ჰო. პეპი გრძელწინდა. მე არ ვიცოდი, რატომ უყვარდათ ადამიანებს ეს სასაცილოცხვირიანი წითური გოგონა. რატომ ლაპარაკობდნენ მასზე ღიმილით, აუხსნელი სითბოთი?! ვერ ვხვდებოდი, რის გამო იყო ეს გოგო ასეთი განსაკუთრებული. 18 წლის ვიყავი, როცა პეპის კითხვა დავიწყე. ეს ცანცარა, ღუნღულა და გადარეული გოგო მეც ძალიან, ძალიან შემიყვარდა, მაგრამ ასევე არანორმალურად დამწყდა გული, რადგან დავიგვიანე მისი გაცნობა. რა თქმა უნდა, ბევრ ეპიზოდს ღიმილის გარეშე ვერ ვკითხულობდი, მაგრამ წარმოვიდგინე, როგორი ემოციური ვიქნებოდი, მასთან რომ ბავშვობაში დავმეგობრებულიყავი. ნეტავ, ვინმეს ეთქვა ჩემთვის , მარიამ, პეპი უნდა წაიკითხო, აუცილებლად შეგიყვარდებაო... არავის უთქვამს, ამიტომ მე გეუბნებით თქვენ – წააკითხეთ ბავშვებს პეპი! წააკითხეთ და ასწავლეთ, რომ ბედნიერება წვრილმანებშია , ბედნიერება ბავშვობაშია და რაც უფრო დიდხანს დაიჯერებენ, რომ ბავშვები არიან , მით უფრო დიდხანს გაგრძელდება მათი დაუვიწყარი თავგადასავალი.
#წიგნი
#პეპი
#საინტერესო
#ამბავი
0